გუშინ იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ საჯაროდ განაცხადა, რომ გასულ კვირას კოსმოსური ხომალდის — Hayabusa2-ის მიერ შორეული ასტეროიდიდან ჩამოტანილ კაფსულაში მკვლევრებმა შავი ნიადაგის ნიმუში აღმოაჩინეს. ეს ქვაბის ფორმის 38 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე კაფსულა Hayabusa2-მა, 6 დეკემბერს, ავსტრალიის უდაბნოში ჩამოაგდო.

ასევე იხილეთ:

კაფსულა დედამიწაზე დაუზიანებლად დაეშვა და იაპონიაში იგი გასულ სამშაბათს გაგზავნეს კვლევისთვის. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს ნიმუშები მათ საკმარის ინფორმაციას მიაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა მზის სისტემა და როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე. იაპონიის აეროკოსმოსური კვლევის სააგენტომ (JAXA) განაცხადა, რომ მკვლევრებმა უკვე გახსნეს კაფსულა და აღმოაჩინეს დაუზუსტებელი რაოდენობის ქვიშიანი შავი ნაწილაკები.

"აშკარაა, რომ ეს ნიმუში რიუგუდანაა აღებული", — აღნიშნა JAXA-მ The Associated Press-თან გაკეთებულ განცხადებაში. მათ ასევე დაამატეს, რომ JAXA-ს მკვლევრები პირველად კვლევას გააგრძელებენ, მოგვიანებით კი დაიწყებენ ნიმუშების საფუძვლიან შესწავლას.

Hayabusa2 ასტეროიდ რიუგუზე გასულ წელს დაეშვა. ეს ციური სხეული დედამიწიდან დაახლოებით 306 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. მასზე დაშვება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას მეცნიერები ელოდნენ. ეს სირთულე გამოიწვია ასტეროიდის ზედაპირის ექსტრემალურად ქვიანმა ზედაპირმა.

პირველი დაშვების დროს ხომალდმა ნიმუშები ასტეროიდის ზედაპირიდან, მეორე დაშვების დროს კი მისი გრუნტის ქვედა ფენებიდან შეაგროვა. ორივე ნიმუში ცალ-ცალკე იყო შენახული.

ფოტო: thewest.com.au

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ასტეროიდის ქვედა ფენებიდან ამოღებული ნიმუშები მათ საკმარის ინფორმაციას მიაწვდის იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა კოსმოსში მილიარდობით წლის წინ. ამ მასალებზე კოსმოსურ რადიაციასა და სხვა მასალებს ზეგავლენა არ მოუხდენია, განსხვავებით ასტეროიდის ზედაპირიდან აღებული მასალებისგან.

JAXA-ს მეცნიერები ამბობენ, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან ნიმუშებში ორგანული ნივთიერებების აღმოჩენით და მათი შესწავლით. ეს მათ დაეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ ხდებოდა მზის სისტემაში ამ ნაერთების გადაადგილება და არიან თუ არა ისინი რაიმე კავშირში დედამიწისეულ სიცოცხლესთან.

კვლევები იაპონიაში დაახლოებით 1 წელს გაგრძელდება. ნიმუშების ნაწილს ისინი NASA-ს და სხვა მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფებს გაუზიარებენ დამატებითი კვლევებისთვის, რომლებიც 2022 წელს დაიწყება.

პროექტის მენეჯერმა იუჯი ცუდამ ამ მისიას "ადამიანთა ისტორიაში იშვიათი მოვლენა" უწოდა. კოსმოსურმა ხომალდმა სულ ერთ წამში აიღო ხელუხლებელი მასალა პირდაპირ ასტეროიდიდან და უკან, დედამიწაზე ჩამოიტანა.

Hayabusa2, რომელიც დაახლოებით მაცივრის ზომისაა, რიუგუს მიმართულებით 2014 წლის დეკემბერში გაემგზავრა. მეცნიერები მოუთმენლად ელოდნენ იმ მომენტს, როდესაც ხომალდი ალმასის ფორმის ასტეროიდ რიუგუზე დაეშვა. ეს სახელი იაპონურად "დრაკონის სასახლეს" ნიშნავს.

რაც შეეხება NASA-ს OSIRIS-REx მისიას, მან სულ ცოტა ხნის წინ შეაგროვა ნიმუშები დედამიწასთან ასევე ახლოს მდებარე ასტეროიდიდან — ბენუდან. მისი ნიმუშები დედამიწაზე 2023 წელს მოხვდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.