პარტია მოქალაქეების ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკური ძალები შეთანხმების მიღწევისა და კრიზისიდან გამოსავლის პოვნის ნაცვლად, "მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობენ". ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

"პროცესი გაჭედილია, პარტიების ნაწილს უნდა რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ, ეს არის გიგა ბოკერიას პარტია, ჩემდა გასაოგნებლად, ეს არის პარტია ლელო, რომელიც ბოკერიაზე რადიკალია, ვერ ვიჯერებ მამუკა ხაზარაძეს რატომ აქვს ასეთი პოზიცია, ვერ ავხსენი და არის ერთი-ორი უპასუხისმგებლო პარტია. დიდ ნაწილს უნდა რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას და კრიზისი დასრულდეს. ვინც არ მოაწერს ის იტყვის რომ მას უნდა ქაოსი", — ამბობს ელისაშვილი.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.