რესპუბლიკური პარტიის წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი პარტიას ტოვებს და აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის.

"1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყველ ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად, მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ", — წერს ჩავლეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

რესპუბლიკური პარტიის დატოვების მიზეზად ჩავლეიშვილი ბოიკოტის შესახებ განსხვავებულ პოზიციებს ასახელებს. მისი თქმით, თანაუგრძნობს აჭარის მთავრობის სახლის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, თუმცა, ამბობს, რომ "დეპუტატის ადგილი პარლამენტშია".

"ვრჩები ოპტიმისტად და იმედს ვიტოვებ, რომ დადგება ის დროც, როდესაც საქართველოში პატივი მიეგება ერთი ადამიანის განსხვავებულ აზრს", — წერს ჩავლეიშვილი.

მისი თქმით, დრო გამოაჩენს, ვისი პოზიციაა სწორი ამ საკითხთან დაკავშირებით.

უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა 15 დეკემბერს გაიმართა.

რესპუბლიკური პარტიის წევრები, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად, საქართველოს პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

გაიგეთ მეტი: