უნგრეთის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომლითაც ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებს ბავშვის აყვანის შესაძლებლობა შეეზღუდებათ.

მემარჯვენე ხელისუფლება, პრემიერ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით აცხადებს, რომ მხოლოდ ქორწინებაში მყოფ წყვილებს შეეძლებათ ბავშვის აყვანა, გამონაკლის შემთხვევებში მცირეწლოვანის მარტოხელა ნათესავს.

ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწინება უნგრეთში არალეგალურია, თუმცა შვილად აყვანა ერთ-ერთი პარტნიორის ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე იყო შესაძლებელი.

უფლებადამცველი ჯგუფები ახალ კანონს "ადამიანთა უფლებების ბნელ ხანას" უწოდებენ.

რა ახალი წესები ამოქმედდება?

ორბანმა თანამდებობა 2010 წელს ჩაიბარა და ამ დროში უნგრეთის კონსტიტუცია არაერთხელ შეცვალა. სამშაბათს მიღებულ კანონში ოჯახი შემდეგნაირად არის განმარტებული: "ქორწინებაზე დაფუძნებული, მშობლისა და ბავშვის ურთიერთობა. დედა ქალია, მამა — კაცი".

ამიერიდან ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები ბავშვის აყვანას ვერც ინდივიდუალური განაცხადის საფუძველზე შეძლებენ.

"კანონის ძირითადი არსი შემდეგია, მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს, ქალსა და კაცს შეუძლიათ ბავშვის აყვანა" — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ჯუდიტ ვარგამ. მარტოხელა ადამიანებს სახელმწიფოსგან სპეციალური თანხმობა დასჭირდებათ.

ამჟამინდელი კონსტიტუციის თანახმად, მშობლებმა ბავშვები კონსერვატული სულისკვეთებით უნდა აღზარდონ.

"უნგრეთი ბავშვთა დაბადებით განსაზღვრულ გენდერს იცავს, მათ კონსტიტუციურ აღზრდას და ღირებულებებს, რომელიც ქრისტიანული კულტურის მონაპოვარია", — ვკითხულობთ კონსტიტუციაში.

ხელისუფლების თქმით, ცვლილებების საჭიროება "დასავლეთში მიმდინარე ახალმა იდეოლოგიურმა პროცესებმა" განაპირობა, რათა "დავიცვათ ბავშვები შესაძლო იდეოლოგიური და ბიოლოგიური ჩარევებისგან".

მაისში, უნგრეთის პარალმენტმა მიიღო კანონი, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაბადებით მინიჭებული სქესის ცვლილების შესაძლებლობას უზღუდავს.

რა რეაქციები გამოიწვია კანონმა?

ახალი წესები ადამიანთა უფლებადამცველმა ჯგუფებმა მკაცრად გააკრიტიკეს.

"უნგრეთის LGBTQ ჯგუფსა და ადამიანთა უფლებებს მძიმე დრო დაუდგა", — განაცხადა დევიდ ვიგმა, Amnesty Hungary-ის დირექტორმა.

მეისენ დევისმა, Transgender Europe-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა: "ჩვენი საფიქრალი უნგრული დაძაბული ატმოსფეროს პირობებში ტრანსგენდერი ბავშვების და მოზარდების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვაა".

გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთთან და პოლონეთთან კომპრომისს მიაღწიეს, რათა არ ჩავარდეს შორსმიმავალი ევროპული მიზნები, რომლებიც შესაძლოა ამ სახელმწიფოებმა ლიბერალური იდეების თავსმოხვევად ჩათვალონ.