თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფო მიწაზე 7 უკანონო მშენებარე შენობა-ნაგებობა დააფიქსირეს. მათი ინფორმაციით, ინსპექციის თანამშრომლებმა, ვინაიდან მაცხოვრებლები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ, ობიექტებზე გამაფრთხილებელი მოთხოვნები გამოაკრეს.

"კანონის მოთხოვნის თანახმად, სამართალდამრღვევი ვალდებულია, უმოკლეს ვადაში დაგვიკავშირდეს საბუთზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და თავად მოახდინოს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი. მოვუწოდებთ მათ, ოთხი დღის ვადაში განახორციელონ სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დემონტაჟი", — აცხადებენ მერიაში.

წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, შენობა-ნაგებობების დემონტაჟს აანონსებს.

"თბილისის მუნიციპალიტეტი არ და ვერ დაუშვებს სახელმწიფო მიწის მიტაცებას. მუნიციპალური ინსპექცია მასშტაბურ რეიდებს ატარებს და თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე კანონის შესაბამისი რეაგირება იქნება", — ამბობს მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი.

მისივე მტკიცებით, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში ქალაქის მერიამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. მერიის განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 შემთხვევა გამოვლინდა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს. პასუხად ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ეს მათი დაცინვაა, რადგან ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

On.ge-სთან საუბრისას რამდენიმე ადგილობრივმა აღნიშნა, რომ ისინი მრავალშვილიანები არიან და ამ სახლებს წლების განმავლობაში შეგროვებული ფულით იშენებდნენ. მათი თქმით, ხშირად შვილების გამოსაკვები ფულიც არ აქვთ.

მერიის გადაწყვეტილებაზე საზოგადოების კრიტიკის შემდეგ კალაძემ გადაწყვიტა გავრცელებული ფოტოს გმირებს ბინა აჩუქოს.

გაიგეთ მეტი: