გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, გულის სიღრმეში სჯერა, რომ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებმაც პარლამენტში არ შესვლაზე განცხადება დაწერეს, რაღაცა ფორმით პარლამენტში მოხვდებიან. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ აქედან გამომდინარე, მათ გადავწყვიტეს, "ასეთ რაღაცაში მონაწილეობა არ მიიღონ".

"გულწრფელი რომ ვიყო, ჩვენ გვჯერა გულის სიღრმეში, რომ ეს ხალხი ვინც განცხადება დაწერა, რაღაცა ფორმით პარლამენტში მოხვდება", — განაცხადა ხვიჩიამ გადაცემა ბარიერში.

მისივე თქმით, არ იცის ეს რა ფორმით მოხდება, მაგრამ სჯერა რომ ისინი პარლამენტში შევლენ.

საკანონმდებლო ორგანოში არ შესვლის თაობაზე განცხადება 50-მდე ოპოზიციონერმა უკვე დაწერა. პარტია გირჩს, ალეკო ელისაშვილის — მოქალაქეებსა და პატრიოტთა ალიანსს ჯერჯერობით, ასეთი განცხადება არ დაუწერია.

31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არც პარლამენტში შესვლას აპირებენ.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია.