ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ გავრილოვი, რუსეთი, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთად მოქმედებდნენ. კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციისა და რუსეთის ქმედებებს შორის სინქრონს ხშირად ხედავს. მისივე თქმით, 2008 წელს საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება სინქრონში მოქმედებდნენ და ამ სინქრონით ტერიტორიების 20% დაიკარგა.

"სინქრონს ძალიან ხშირად ვხედავთ ამ ოპოზიციის, ან, თავის დროზე, ხელისუფლებისა და რუსების ქმედებებს შორის. არ გამოვრიცხავ, რომ [გავრილოვი, რუსეთი, ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] ერთად მოქმედებდნენ, რადგან 10 დღით ადრე მათ ტრანსპარანტებიც კი ჰქონდათ დაბეჭდილი", — განაცხადა კობახიძემ პალიტრანიუსთან.

მისივე მტკიცებით, ეს ინფორმაცია მას შესაბამისი სტამბიდან აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე ამაზე გამოძიება ჩატარდა თუ არა, ამბობს, რომ გამოძიებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ თავმჯდომარის სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეები და ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის, სუს-ის ხელმძღვანელის და შს მინისტრის გადადგომას.

მშვიდობიანი პროტესტი მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.

გაიგეთ მეტი: