ქართული ოცნების დეპუტატმა, რიმა ბერაძემ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მიმართა და ჰკითხა, ფასების ზრდის ფონზე საჭიროა იქნება თუ არა სამომხმარებლო კალათის დღეს არსებული ზღვრული ნორმის გადახედვა. თუმცა ბერაძე 2015 წელს სოციალურად დაუცველების გამოსაკვებად 1 ლარსა და 18 თეთრსაც საკმარისად მიიჩნევდა, რადგან მისი თქმით, ამ თანხაში მთლიანად იყო "გათვლილი კალორიულობა".

"როგორც თქვენთვის ცნობილია, სახელმწიფოს მიერ დადგენილია სამომხმარებლო კალათი, რომლის ღირებულება შეადგენს 190 ლარს და რომელიც, თავის მხრივ, 320 აუცილებელ პროდუქტს გულისხმობს. როცა არის ლარის კურსის ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, როცა ეროვნული ბანკი 2021 წელს აანონსებს 3%-იან ინფლაციას, შესაბამისად, იზრდება ფასები და ფასების ზრდასთან დაკავშირებით, მძიმეა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა. ფიქრობთ თუ არა, რომ საჭიროა გადაიხადოს სამომხმარებლო კალათის დღეს არსებული დადგენილი ზღვრული ნორმა?", — განაცხადა მან.

დღეს პარლამენტში მთავრობას უსმენენ. ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ამის პარალელურად, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს. ქართული ოცნება ამბობს, რომ ყველა ასეთ პარტიას მანდატები გაუუქმდება, ხოლო დაფინანსება შეუწყდება. მმართველი ძალის განცხადებითვე, ისინი დააინიცირებენ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში – რა ხდება პარლამენტში.