ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და მათი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში მუდმივად იზრდება. დღეს ყველა ერთხმად აღიარებს, რომ სამყაროს მომავალს სწორედ ეს ინდუსტრია ქმნის და შესაბამისად, წამყვანი ქვეყნების პრიორიტეტი სწორედ ტექნოლოგიების განვითარება ხდება. ეს პერსპექტიული სფეროა, რომელიც უამრავ მეცნიერსა თუ გამომგონებელს აერთიანებს, მათ შორის კი, ქართველი მეცნიერებიც მრავლად არიან.

დღეს ვაპირებთ ქართველ მათემატიკოსზე — მიხეილ წიკლაურზე მოგიყვეთ, რომელიც ამჟამად აშშ-ში, Apple-ში, ალგორითმების მიმართულებით მუშაობს. Apple აშშ-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის დიდ ხუთეულში შედის, Amazon-თან, Google-თან, Microsoft-თან და Facebook-თან ერთად და როგორც ალბათ ყველამ ვიცით, ქმნის და ავითარებს სამომხმარებლო ელექტრონულ ნაწარმს, პროგრამულ უზრუნველყოფასა თუ ონლაინ სერვისებს. მიხეილი Apple-თან 2017 წლიდან, ელექტრომაგნიტური თავსებადობის ამოცანების კუთხით თანამშრომლობს, თუმცა, სანამ უშუალოდ, მის პროფესიულ საქმიანობაზე ვისაუბრებთ, მის ცხოვრებასა და გამოცდილებაზე მოგიყვებით.

ბავშვობიდან Apple-მდე

მიხეილი საგარეჯოში გაიზარდა. მას პატარაობიდანვე უყვარდა მათემატიკა და ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მათემატიკოსი უნდა გამხდარიყო. დაახლოებით, 10-11 წლის იყო, როდესაც ფიქრობდა, რომ მომავალში აირჩევდა ისეთ მიმართულებას, რომელიც პრობლემის გადასაჭრელად იყენებს არა მხოლოდ თეორიულ მათემატიკას, არამედ კომპიუტერებსაც.

"იმ დროს კომპიუტერებზე ბევრი არაფერი ვიცოდი. მათ შესახებ მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნებიდან და ფილმებიდან შემექმნა გარკვეული წარმოდგენა. მიუხედავად ამისა, ინტუიტიურად ვგრძნობდი, რომ მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების გაერთიანებით საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შეიძლებოდა", — განმარტავს იგი.

მიხეილ წიკლაური ასევე აღნიშნავს, რომ მისი ადრეული გეგმები დღევანდელი რეალობისგან ასე თუ ისე განსხვავდება. აქამდე თავის თავს მეცნიერებაში ხედავდა და ფიქრობდა, რომ მომავალში მოღვაწეობას უნივერსიტეტში გააგრძელებდა და სამეცნიერო კვლევებზე იმუშავებდა. ხოლო 2017 წელს მეცნიერებიდან ინდუსტრიაში გადაწყვიტა გადასვლა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც მიხვდა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში უდიდესი წვლილი სწორედ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს მიუძღვის. იგი ფიქრობდა, რომ ამ კომპანიებში, ფუნდამენტური სამეცნიერო ცოდნითა და გამოცდილებით, შეძლებდა თანამედროვე ტექნოლოგიურ პრობლემებზე მუშაობასა და საინტერესო შედეგების მიღწევას. მიუხედავად ამისა, მისი საქმიანობის სფერო მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. იგი დღესაც იგივე ტიპის ამოცანებზე მუშაობს, როგორზეც 2017 წლამდე მუშაობდა და ისევ აქტიურად იყენებს სამეცნიერო მეთოდებს თავის საქმეში.

ამერიკაში გამგზავრებამდე

მიხეილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრატურა 2000 წელს დაამთავრა და იმავე ფაკულტეტზე ლექციების კითხვა დაიწყო. ამის პარალელურად, იგი ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა. აქვე გაიცნო თავისი მეუღლე, ნანა დიხამინჯია. ორივე მათგანს ერთ კომპიუტერთან უწევდა მუშაობა. 2003 წელს მიხეილმა დაიცვა დისერტაცია გამოთვლითი მათემატიკის მიმართულებით და მალევე დაიწყო მუშაობა კომპანია "გეოგრაფიკში" (გეოსაინფორმაციო სისტემებისა და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრი). ამავდროულად, იგი ისევ კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აგრძელებდა სამეცნიერო მოღვაწეობას გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში.

ასე გაგრძელდა კიდევ რამდენიმე წელი, 2010 წელს კი, მიხეილს დაუკავშირდა მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორიის პოსტ დოკი — ალექსანდრე რაზმაძე, რომელმაც მას შესთავაზა ონლაინ მუშაობა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე. პროდუქტს, რომლის შექმნაც მიხეილს ევალებოდა, უნდა ამოეხსნა სხვადასხვა ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და სიგნალის მთლიანობის ამოცანები. პროგრამის გრაფიკული ინტერფეისის შექმნაზე უკვე მუშაობდა ქართველი პროგრამისტი ალექს შადური. საჭირო იყო ალგორითმებზე მომუშავე ადამიანის პოვნა, რომელიც გამოთვლით ნაწილს დააპროგრამებდა და სწორედ ეს ადამიანი აღმოჩნდა მიხეილი. მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მას ამერიკაში გადასვლა და მისურის უნივერსიტეტში მკვლევარი პროფესორის თანამდებობაზე მუშაობა შესთავაზეს. ამ დროს, მას უკვე მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი, თუმცა, ბევრი ფიქრის შემდეგ, მან და მისმა მეუღლემ ამერიკაში გადასვლა გადაწყვიტეს. იგი აღნიშნავს, რომ აქამდე საქართველოს დატოვება მათ გეგმებში არ შედიოდა.

მისურის უნივერსიტეტში

"მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მუშაობა 2012 წელს დავიწყე. რამდენიმე თვეში ჩემი ოჯახიც ჩამოვიდა ამერიკაში. ჩემი მეუღლე იმ დროს სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობდა, რომლის დასრულებისთანავე მანაც მისურის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა."

უნივერსიტეტში მუშაობისას მიხეილი თავისი ოჯახით პატარა საუნივერსიტეტო ქალაქ როლაში ცხოვრობდა. აქ ისინი ხუთ წელზე მეტ ხანს მუშაობდნენ და 2016 წლის ბოლოს, გადაწყვიტეს, უფრო დიდ ქალაქში გადასულიყვნენ საცხოვრებლად.

"რამდენიმე უნივერსიტეტში გავგზავნე განცხადება ტენუარ პროფესორის თანამდებობაზე, თუმცა, ნორმალური შეთავაზება არსაიდან მიმიღია. სწორედ ამ დროს გადავწყვიტე, ბედი ინდუსტრიაში მეცადა."

მისურის უნივერსიტეტის ელექტრომაგნიტური თავსებადობის ლაბორატორიასთან არსებობს კონსორციუმი, სადაც შედიან ისეთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორებიცაა Apple, Google, Cisco, Dell, Intel, IBM და ა. შ. ამ კომპანიების ტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობენ სტუდენტები და პროფესორები. უნივერსიტეტში მოღვაწეობის პერიოდში, მიხეილი, ძირითადად, მუშაობდა IBM-ის, Cisco-ს, Dell-ისა და Intel-ის პროექტებზე, შესაბამისად, კარგად იცნობდა თითქმის ყველა კომპანიის წარმომადგენელს, რამაც ბევრად გაუმარტივა სამსახურის მოძებნა.

"როდესაც ამ კომპანიებში გავგზავნე განცხადებები იმის შესახებ, რომ სამსახურს ვეძებდი, მალევე დამიკავშირდნენ ჯერ Cisco-დან, შემდეგ კი Apple-დან. ჩემთვის მეორე წინადადება უფრო საინტერესო აღმოჩნდა. ორდღიანი ინტერვიუების გავლის შემდეგ, Apple-ში ამიყვანეს სამუშაოდ და 2017 წლის ზაფხულში მისურის შტატიდან გადავედი სილიკონ ველიზე."

Apple-ში მუშაობა

2017 წლიდან დღემდე მიხეილი Apple-ში ელექტრომაგნიტური თავსებადობის ამოცანებზე მუშაობს, რაშიც აქტიურად იყენებს თავის მათემატიკურ ცოდნას. "ვცდილობ ამოცანა დავიყვანო მათემატიკურ მოდელამდე და შემდეგ პრობლემა მათემატიკური მეთოდებით გადავჭრა,"— ამბობს იგი. გარდა ამისა, ქართველი მეცნიერი მუშაობს რობოტიკისა და ავტომატიზაციის მიმართულებით.

"საინტერესო და მნიშვნელოვან შედეგებს ვაქვეყნებთ პატენტების სახით. გარდა ამისა, ვარ მენტორი და ვეხმარები სხვა ინჟინრებს პროექტების წარმატებით განხორციელებასა და პროფესიულ განვითარებაში".

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა წამყვანმა საინჟინრო ორგანიზაციამ — IEEE, დაიწყო ელექტრონული ურთიერთდამაკავშირებელი ქსელებისთვის მაღალი სიხშირეების გაზომვის ხარისხიანი და ზუსტი მეთოდების სტანდარტის შემუშავება. მიხეილი პროექტის ერთ-ერთი სამუშაო ჯგუფის თანახემძღვანელი იყო. როგორც მიხეილი ამბობს, ზემოხსნებული სტანდარტი, რომელიც მისი თანაავტორობით შეიქმნა, მალე გამოქვეყნდება.

გასაკვირი არაა, რომ Covid-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ Apple-ზეც იქონია გავლენა. მიხეილი და მისი თანამშრომლებიც გადავიდნენ ონლაინ რეჟიმში მუშაობაზე. "ვინაიდან მე ალგორითმებზე ვმუშაობ, ჩემი სამუშაო რეჟიმი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. პანდემიას კი ერთი დადებითი შედეგი მოჰყვა — მოვახერხე საქართველოში ჩამოსვლა ორი თვით და ამჟამად აქედან ვმუშაობ", — ამბობს იგი. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე, აპირებს Apple-ში მუშაობის გაგრძელებას და ამბობს, რომ მომავალი მკაცრად არ აქვს განსაზღვრული, თუმცა საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობასაც უშვებს.

"ვთვლი, რომ საკმაოდ სტაბილური და მშვიდი ადამიანი ვარ. შეიძლება ზედმეტად მშვიდიც კი. მე და ჩემი მეუღლე ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს, თუმცა, ამ მხრივ, აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ. ის ძალიან აქტიური ადამიანია და მუდმივად სიახლეებს ეძებს. ეს გარკვეულწილად გადამდებია. რომ არა მისი აქტიურობა, ალბათ, ბევრ რამეს არც კი შევეჭიდებოდი."

"პროფესიის შეცვლაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია, რადგან დროთა განმავლობაში, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მათემატიკური აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. ბოლო დროს დავინტერესდი კვანტური ფიზიკით. ამ მიმართულებამ სრულიად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე. იგი ისე აღწერს ყველაფერს, რომ მასთან შედარებით, ჩვენი ბავშვობის ყველაზე დაუჯერებელი ზღაპარული მოვლენებიც კი შესაძლებლად გვეჩვენება."

საქართველოს ტექნოლოგიური პოტენციალი

რაც შეეხება საქართველოს, მიხეილი ფიქრობს, რომ პროგრამირებისა და ფუნდამენტური მეცნიერებების მიმართულებით საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს. მისი აზრით, ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია ისეთი კომპანიების შექმნა, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფაზე იმუშავებენ და ამ საქმეში უნივერსიტეტებს შეუძლიათ დიდი დახმარების გაწევა.

"უცხოურ უნივერსიტეტებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებში უამრავი ქართველი მეცნიერი და ინჟინერი მუშაობს. ამ კონტაქტების გამოყენებით საინტერესო იქნებოდა უნივერსიტეტის ბაზაზე ისეთი კონსორციუმის შექმნა, როგორიც მისურის უნივერსიტეტთან აქვს შექმნილი სხვადასხვა წამყვან კომპანიას. ამაში კი საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შეუძლია ითამაშოს დიდი როლი".

მიხეილი ასევე ფიქრობს, რომ ტექნოლოგიები სამყაროს მომავალს წარმოადგენს და ამ მიმართულების განვითარებისთვის სასკოლო განათლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისი აზრით, რაც არ უნდა სწორად მიმართოს ჩვენმა ქვეყანამ ტექნოლოგიების განვითარების პოლიტიკა, თუ სკოლებში არ იქნება შექმნილი შესაბამისი პირობები მოსწავლეების მოსამზადებლად, საბოლოოდ არ გვეყოლება საკმარისი კადრი და ხელში შეგვრჩება ცარიელი, განუხორციელებელი იდეები.

"ერთ დროს, მსოფლიოში, დომინირებდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც ძლიერი არმია ჰყავდათ. შემდეგ ეკონომიკამ დაიკავა მისი ადგილი, დღეს კი, ქვეყნის სიძლიერის მთავარ განმსაზღვრელს უკვე ტექნოლოგიები წარმოადგენს. თუკი ადრე მეომრებს ვზრდიდით, რათა დაცულ და ძლიერ ქვეყანაში გვეცხოვრა, დღეს, იმავე მიზნით, მეცნიერები და ინჟინრები უნდა გავზარდოთ."