პაპმა ფრანცისკემ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, უზრუნველყონ კორონავირუსის ვაქცინის ყველასთვის ხელმისაწვდომობა.

კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა საკუთარ საშობაო მიმართვაში, რომელიც წლეულს პირველად გადაიცა ონლაინრეჟიმში, ვაქცინაციის საშუალების გარშემო "კედლების" აგების საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.

პაპის მოწოდება მეტად დროულია, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად მსოფლიოში აქტიურად საუბრობენ პანდემიის პერიოდში არათანაბარ პირობებში ყოფნაზე — მდიდარი ქვეყნები ყიდულობენ არაპროპორციულად განსაზღვრულ დოზებს, რითაც, ცხადია, შედარებით ღარიბი ქვეყნები ზარალდებიან.

"დაე, ღვთის ძემ აღავსოს პოლიტიტიკური ლიდერები და მთავრობის წინამძღოლები საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით, დაწყებული ჯანდაცვის სფეროთი, რათა ვაქცინაციაზე და მკურნალობის საშუალებებზე წვდომა უზრუნველყოფილი იქნას", — განაცხადა პაპმა ფრანცისკემ, რომელმაც კათოლიკე მრევლს ტრადიციულად წმინდა პეტრეს მოედანზე, აივნიდან არ მიულოცა დღესასწაული, — "ისეთი გამოწვევის პირობებში, რომელიც საზღვრებს არ ცნობს, კედლების აღმართვა არ შეგვიძლია. ჩვენ ყველანი ერთ ნავზე ვართ".

პაპმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სფეროში შექმნილმა კრიზისმა მსოფლიოს ერთიანობისაკენ ისე უბიძგა, როგორც არასდროს.

"ისტორიის ამ მომენტში, რომელიც ეკოლოგიური კრიზისითა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ სოციალური უთანასწორობით გამოირჩევა, კორონავირუსის პანდემიამ კი ეს გარემოებები კიდევ უფრო გაამწვავა, ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთი ისე დავაფასოთ, როგორც დები და ძმები", — დასძინა ფრანცისკემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა პანდემიის მსხვერპლებისადმი მხარდაჭერის და დიდსულოვნების გამოჩენის საჭიროებას და გამოარჩია იმ ქალების შემთხვევა, რომელთაც კარანტინში ოჯახურ ძალადობასთან გამკლავება უხდებათ.

გარდა ამისა, კათოლიკე ეკლესიის წინამძღოლი შეეხო გლობალურ პრობლემებსაც და მშვიდობისა და შერიგებისაკენ მოუწოდა სირიაში, იემენში, ლიბიაში, მთიან ყარაბაღში, სამხრეთ სუდანში, ნიგერიაში, კამერუნსა და ერაყში დაპირისპირებულ მხარეებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მარტში ფრანცისკე პირველად ეწვევა ერაყს.