დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მეცნიერები ამბობენ, რომ ვირუსის ახალი შტამი ახალგაზრდებში უფრო მარტივად გადადის.

"ახალი შტამის შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებული არ იქნება. საქართველომ შესაბამისი შეზღუდვა შემოიღო და დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის მქონე ადამიანები გადადიან კარანტინში. ამ ვირუსებს ხშირად ახასიათებს მუტაციები ეს არ არის მოულოდნელი. უკვე ძალიან ბევრ ქვეყანაშია დაფიქსირებული და არ არის რაიმე განსაკუთრებული. მას არ ახასიათებს უფრო გართულებული ვარიანტი, ერთადერთი რაც ინგლისიდან არის ცნობილი და მეცნიერები ამბობენ, ეს შტამი ახალგაზრდებში უფრო მარტივად გადადის", — ამბობს გამყრელიძე.

14 დეკემბერს ინგლისში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დააფიქსირეს. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია, მაგრამ არაა დამტკიცებული არის თუ არა უფრო მომაკვდინებელი. რამდენიმე ქვეყანამ კორონავირუსის მუტაციური ვარიანტის გამო ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა, მათ შორის იყო საფრანგეთიც.

21 დეკემბერს კი, საქართველოში ბრიტანეთიდან შემოსული, ან ბოლო 2 კვირაში ბრიტანეთში ნამყოფი პირებისთვის სავალდებულო კარანტინი დაწესდა.