ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმომადგენლის, მამუკა მდინარაძის თქმით, საჭიროა, სუბსიდიის ის დეტალები, რაც დღეს პრემიერმინისტრმა გახარიამ გააანონსა, აისახოს ბიუჯეტის დოკუმენტში, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ გარანტიები კონკრეტულ ციფრებთან დაკავშირებით.

"ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სიურპრიზი არ ყოფილა თვითონ ფაქტი, 3 წლის განმავლობაში ტარიფი არ იყო გადახედილი. გასაგებია, რომ მარეგულირებელს რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა. დღეს მე თქვენ გთავაზობთ, არა სამომავლოდ დაგვჭირდეს შევიკრიბოთ იმისათვის, რომ ცვლილებები მივიღოთ ბიუჯეტის პროექტში, არამედ დღესვე შევძლოთ, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც პრემიერ-მინისტრისგან დაანონსდა, ასახული იყოს იმ დოკუმენტში, რომელსაც დღეს უნდა მივცეთ ხმა და კენჭი ვუყაროთ. მე გთავაზობთ, რომ ნაცვლად 1 საათის შესვენებისა, 1,5 ან 2 საათი გადავდოთ იმისთვის, რომ კონკრეტული ციფრები აისახოს პროექტში და როდესაც მას დასრულებული სახე ექნება, საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს იმის გარანტია, რომ სუბსიდირება, რომელიც დაანონსდა პრემიერის მხრიდან ჩვენთან შეთანხმების საფუძველზე, იყოს მოქალაქისთვის გარანტირებული", — განაცხადა მდინარაძემ.

დღეს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა 2021 წლის განმავლობაში სრულად დაასუბსიდირებს ელექტროენერგიის დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას. გახარიას ინფორმაციით, შეღავათი შეეხება მათ, ვინც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც, მისივე თქმით, აბონენტთა 95%-ია.

თელასისა და ენერგო-პრო ჯორჯიას მომხმარებლებისთვის, თბილისსა და რეგიონებში ტარიფი იზრდება. საუბარია როგორც არასაყოფაცხოვრებო, ისე საყოფაცხოვრებო ტარიფზე. სემეკის გადაწყვეტილება ძალაში პირველი იანვრიდან შედის.