საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, სულ კვლევაში სამი საეჭვო შემთხვევა იყო, რომელთაგან ორში შტამის არსებობა არ დადასტურდა. ხოლო ერთ, დეკემბრის თვეში აღებულ ნიმუშში, ახალი "ბრიტანული" შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია გამოვლინდა.

NCDC-ის ცნობით, პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თვითიზოლაციაში იმყოფება. გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტებიც.

"მოძიებულია ერთ-ერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში, რომელიც საქართველოში შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და უკვე დაბრუნდა იმავე ქვეყანაში. ტარდება მისი ნიმუშის სექვენირებაც", — აცხადებს NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე.

მისივე თქმით, ამ დროისათვის არსებული მტკიცებულებებით, ახალი შტამი სიმძიმისა და ლეტალური შემთხვევების სიხშირით არსებული შტამისგან არ გამოირჩევა, გარდა იმისა, რომ ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება. პაატა იმნაძე მოსახლეობას ისევ პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას უკავშირდებოდეს, მაგრამ NCDC-ში აცხადებენ, რომ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.

NCDC-ის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებდა, რომ მეცნიერების თქმით, ვირუსის ახალი შტამი ახალგაზრდებში უფრო მარტივად გადადის.