ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო სამინისტროში აცხადებენ, რომ გაგრაში ტყის ხანძრებს ებრძვიან. როგორც დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, სამი დღის წინ დაწყებული ხანძარი ფსოუ-ენგურის გზატკეცილამდე ჩავიდა.

დე ფაქტო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ხანძარი გზატკეცილის გასწვრივ 4 კილომეტრზე გადაიჭიმა. გართულებული სიტუაცია კი სანატორიუმ მოსკოვის გარშემო შეიქმნა, სადაც ცეცხლის შეკავება მოხერხდა. დე ფაქტო სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ხანძრის მიზეზი სანატორიუმთან ქვების ცვენა გახდა, რომელმაც გაგრის შესასვლელში გზატკეცილი ჩახერგა.

ხანძარს ებრძვიან გალის რაიონშიც, სადაც ხანძარი რამდენიმე სოფელს არის მოდებული. როგორც ოკუპირებული რეგიონის უწყებებში აღნიშნავენ, საცხოვრებელი სახლები დაზიანებული არაა. თუმცა ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ცეცხლი სახლებსა და ბაღებზეა გავრცელებული.

სტიქია გავრცელებულია საქართველოს სხვა რეგიონებშიც. რაჭა-ლეჩხუმში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრები ლიკვიდირებულია შემდეგ ლოკაციებზე — წყალტუბოში, სოფელ ზარათში; ხონში, სოფელ ძეძილეთში; ქედაში, სოფელ ბზუბზუში და წალენჯიხაში, სოფელ ჯაღირაში.

ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავვარძეთში ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები, ხოლო ქედაში, სოფელ ბზუბზუში რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერის დამუშავება მიმდინარეობს

სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება, ასევე — ჯვარში, სოფელ მუჟავში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და მარტვილში, სოფელ ბალდაში.

ამჟამად, აბაშაში, სოფელ წყემში ცეცხლი ქვედა საფარს უკიდია, კასპში, რკონის ხეობაში კი შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები იწვის. კასპში ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებითაა. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან თავი შეიკავონ, რადგან ამან შეიძლება ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს, როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.