კორონავირუსის გამოწვევების გამო, გრემის დაჯილდოების ცერემონია 14 მარტამდე გადაიდო.

"ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 63-ე დაჯილდოების ცერემონიის თარიღი გადავწიოთ და 2021 წლის 14 მარტს, კვირას ჩავატაროთ", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ცერემონია 31 იანვარს იყო დაგეგმილი.

"ლოს-ანჯელესში არსებულმა კოვიდ სიტუაციამ — გადავსებულმა კლინიკებმა და ინტენსიური ზრუნვის დანაყოფებმა, ასევე ხელისუფლების რეკომენდაციებმა დაგვარწმუნა, რომ ცერემონიის გადავადება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და დაჯილდოების ტექნიკური ჯგუფის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. გვინდა მადლობა ვუთხრათ არტისტებს, სამუშაო ჯგუფს, პარტნიორებს და განსაკუთრებით წლევანდელ ნომინანტებს გაგებისთვს, მოთმინებისთვის და დაუზარელი თანამშრომლობისთვის", — ნათქვამია განცახდებაში, რომელსაც ხმისჩამწერი აკადემიის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სატელევიზიო პარტნიორი — CBS და დაჯილდოების პროდიუსერი, ბენ უინსტონი აწერენ ხელს.

ფოტო: Entertainment Tonight

ცერემონია, რომლის მასპინძელიც The Daily Show-ს წამყვანი ტრევორ ნოაა 31 იანვარს იყო ჩანიშნული. გასულ თვეებში, გრემი არაერთი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. როგორც წესი, შოუზე დამსწრეთა რიცხვი 18000-ს აჭარბებს, თუმცა, ამჯერად, მუსიკალური სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის შეზღუდული აუდიტორიით ან აუდიტორიის გარეშე ჩატარება გადაწყდა. შოუ, როგორც წესი, ლოს-ანჯელესში, Staples Center-ში იმართება, თუმცა წელს დაჯილდოება ქალაქის სხვადასხვა ლოკაციას აითვისებს და მუსიკალური ნომრები და გრემის გადაცემის ცერემონია სხვადასხვა დამოუკიდებელი ღონისძიების სივრცეებშიც შედგება.

უინსტონმა, რომელიც გრემის აღმასრულებელი პროდიუსერი პირველად იქნება, Billboard-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პანდემია დამოუკიდებელი, მცირე ბიზნესებისთვის განსაკუთრებული დარტყმა იყო, სწორედ ამიტომ დამოუკიდებელ სივრცეებთან ერთად რაღაც განსაკუთრებულის შექმნა სურდა.

პანდემიის გამოწვევების გამო ყველა დიდი დაჯილდოების ფორმატი შეიცვალა ან ცერემონია გადაიდო. MTV VMA-ც ნიუ-იორკში სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაწერეს და ამ სახით გავრცელდა, ქანთრი მუსიკის გაერთიანების დაჯილდოება შეზღუდული აუდიტორიით გაიმართა და კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, მას შემდეგ, რაც 86 წლის მომღერალი, ჩარლი პრაიდი ცერემონიიდან 1 თვეში, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა (მომღერალს არც დაჯილდოებამდე და არც მას შემდეგ ჩატარებულ ტესტით ვირუსი არ დადასტურებია). 2021 წლის აპრილამდე გადაიდო ოსკარის ცერემონიაც.