ხეზე რომ ლურსმანი ჩაქუჩით ჩააჭედოთ, ნახავთ, რომ მისი უკან ამოღება გაგიჭირდებათ (არ ჩააჭედოთ!). საინტერესოა, რატომ არ ემართება იგივე კოდალას ნისკარტს? მეცნიერებმა საბოლოოდ იპოვეს პასუხი ამ კითხვაზე.

მეცნიერებმა ვიდეო გადაუღეს ორ შავ კოდალას (Dryocopus martius), რომლებიც ზოოპარკში მყარი მერქნის მქონე ხეებს უნისკარტებდნენ. მათ ეს ვიდეოები დეტალურად შეისწავლეს იმის გასარკვევად, თუ როგორ მოძრაობდა კოდალების თავი და ნისკარტი თითოეული ჩანისკარტების დროს. ინტეგრაციული და შედარებითი ბიოლოგიის საზოგადოების წლიურ შეხვედრაზე, რომელიც ამ კვირას ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კოდალებს აქვთ უნარი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამოძრაონ ნისკარტის ზედა და ქვედა ნაწილები.

როდესაც ამ ჩიტების ნისკარტის წვერი ხეს ხვდება, კოდალა თავს აბრუნებს ძალიან მცირე კუთხით, ნისკარტის ზედა ნაწილს წევს და ოდნავ ატრიალებს სხვა მიამრთულებით, როგორც ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში ჩანს. ამის შედეგად, ნისკარტი სულ ოდნავ იხსნება და იქმნება თავისუფალი სივრცე ნისკარტის წვერსა და ხეში გაკეთებულ ღრმულის ფსკერს შორის, რაც ჩიტს აძლევს საშუალებას, ადვილად ამოიღოს თავისი ნისკარტი ხიდან.