საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძარი 6 ლოკაციაზე ფიქსირდება. მათი ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ორი ახალი კერა გაჩნდა. ერთი იმერეთში, ხოლო მეორე — სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ხანძარი ჩააქრეს.

"აღნიშნულ კერაზე ღამე მოხდა რეაგირება და ამ დრომდე სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბალდას გარდა, ერთი კერაა დობერაზენში და ორი წალენჯიხაში, სოფელ სქურში. სქურში ორივე კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები", — განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია შიდა ქართლში. კასპში, რკონის ხეობაში კერებთან მიყვანილია წყლის მაგისტრალები და აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ღამის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა იმერეთში, საჩხერეში, სოფელი ვაკისაში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი რკალზე. ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ არის. ადგილზე მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობაა მობილიზებული", — განმარტავენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მინდვრისა და ტყის ხანძრების ქრობაში 500 მეხანძრე-მაშველია ჩართული. არსებული 6 კერიდან კი, 3 ლოკალიზებულია.

უწყება მოსახლეობას მინდვრებსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. მათივე თქმით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი და მშრალი ამინდია, რაც მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში ხელს უშლის.