საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურის განცხადებით, საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია.

დღეს საქართველოს საპატრიარქოში ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლებმა საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარეს. ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ილია მეორის მდივან-რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი, 8 იანვარს, დაუდასტურდა.

4 იანვარს, თეთრუაშვილი საპატრიარქოში ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოს ესწრებოდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ილია მეორეს სიახლოვეს მოძრავი შორენა თეთრუაშვილიც ჩანს. ღონისძიებას სტუმრები და მღვდელმთავრები ესწრებოდნენ. პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია.