თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ბედნიერია, რომ პოლიტიკური კარიერის დაწყება და გზის გავლა ივანიშვილთან მოუწია.

"ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია და მომეცა საშუალება არა მარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც. დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული", — წერს კალაძე.

ის, ასევე, საუბრობს ივანიშვილის "დამსახურებებზე" და მათ მის პოლიტიკურ და სამოქალაქო ნებას მიაწერს.

"მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო დემოკრატიის ხარისხის ზრდა, სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმა, რომელმაც ქვეყანა მაქსიმალურად გაარიდა ავტოკრატიული რეჟიმების შექმნის საფრთხის კრიტიკულ ზღვარს. საპარლამენტო რესპუბლიკა, საპრეზიდენტო ინსტიტუტის ფუნქციების სწორედ განსაზღვრა, პროპორციული არჩევნები... ეს არის ის უდიდესი დამსახურება, რასაც მე პირადად ამ ადამიანის პოლიტიკურ და სამოქალაქო ნებას, პოზიციას მივაკუთვნებ და ამის ფასს კიდევ უფრო კარგად დაინახავს მთელი საქართველო, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, მეგობრები, უკლებლივ ყველა, ვისაც აინტერესებს და გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას", — წერს კალაძე.

სწორედ ამიტომ, კალაძის თქმით, ის ბედნიერია ივანიშვილან მუშაობის გამოცდილებით და მადლობას უხდის მას, ვინაიდან ივანიშვილს მის პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში მონაწილეობა აქვს მიღებული.

"ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია და მომეცა საშუალება არა მარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც. დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული", — აცხადებს კალაძე.

პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მეორედ მიდის. ამის შესახებ მან ფეისბუქში გამოქვეყნებულ საჯარო წერილში განაცხადა.

"ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი", — აცხადებს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობას ოფიციალურად 2018 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდა. ივანიშვილის საჯარო გააქტიურებიდან მალევე გადადგა პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მისი თავმჯდომარეობის დროს დაწინაურდა და პრემიერმინისტრი გახდა გიორგი გახარია, რომლის შს-ს მინისტრობის დროს ე.წ. გავრილოვის ღამეს აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს და რამდენიმე ადამიანმა თვალი ან მხედველობა დაკარგა.

ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი პოლიტიკური მეორედ მოსვლა ვიხილეთ, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნდა ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ივანიშვილი არ ყოფილა საჯაროდ აქტიური. თუმცა მან თავი დაამახსოვრა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული ემოციური მიმართვით, სადაც "მართვის ხარვეზების გამოსასწორებლად" ერთ წელს ითხოვდა.

კიდევ ერთი დაპირება, რომელიც მან გასცა და არ შესრულდა, პროპორციულ არჩევნებს ეხებოდა. ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ქართულმა ოცნებამ ჩააგდო. როგორც შემდგომში მმართველ პარტიაში განმარტავდნენ, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას "პრინციპული დეპუტატები" აუმხედრდნენ. "პრინციპული დეპუტატების" ნაწილი ახლაც პარლამენტში, უკვე დაწინაურებულ პოზიციებს იკავებს.

პანდემიის პერიოდში ივანიშვილის გამოსვლები კიდევ უფრო შემცირდა. მისი საჯაროდ ხილვა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეების პანაშვიდებზე, კანდიდატების წარდგენაზე, არჩევნებზე ხმის მიცემის დროს და ბერა ივანიშვილის TikTok-ზე იყო შესაძლებელი. განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ვიდეოში ცეკვა უადგილო იყო.