პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მოქალაქეებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირების საშუალებას სახელმწიფო არავის მისცემს. ასე გამოეხმაურა გიორგი გახარია ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს.

"ჩვენი რელიგიური მრავალფეროვნება ისტორიული ფაქტია და ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის ის, ჩვენ როგორ ვაშენებდით საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფოს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართვლოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებით რაიმე სახით პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას", — განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება და იქ, სადაც იქნება "ელემენტარული, მარტივი მცდელობა იმისი, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად".

მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი 12 იანვარს დაიწყო. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ბუკნარში მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. დაშავებულები კი მიღებული არაერთი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიამ სოფელში განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის, სახელმწიფოს კი თითოეული მოქალაქის ლოცვის უფლების დაცვისკენ მოუწოდა.

EMC-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ინციდენტში 2 ძირითადი სამართლებრივი საკითხი იკვეთება — ძალადობის შემთხვევა დაზარალებული მუსლიმი პირების მიმართ, რომელიც დროულ და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს და სალოცავი სივრცის ფუნქციონირებისთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი პირობების შექმნა.

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია ხელისუფლებას მოუწოდებს, არა მხოლოდ ბუკნარის, არამედ დღემდე მომხდარ ყველა ინციდენტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს. მათი განცხადებით, ქვეყანას, სადაც ახალგაზრებს ლოცვისათვის თავს უტეხავენ, მომავალი არ აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც 12 იანვარს ბუკნარში ორ თანასოფლელს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მათივე განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაიგეთ მეტი: