ზუსტად ერთი წლის წინ, იანვრის შუა რიცხვებში, უღურ შაჰინი ჟურნალში Тhe Lancet სტატიას კითხულობდა. მასში ჩინეთში, ქალაქ ვუხანში გამოჩენილ უცნობ ვირუსზე მიდიოდა საუბარი. პუბლიკაციაში აღწერილი იყო, თუ როგორ დააინფიცირა ვირუსმა ექვსსულიანი ოჯახი, თუმცა, მინიშნებაც კი არ არსებობდა იმაზე, რომ იგი გლობალურად, პანდემიის მასშტაბებამდე გავრცელდებოდა. რამდენიმე დღეში შაჰინმა გერმანიის პატარა ქალაქ მაინცში განთავსებულ საკუთარი კომპანიის მმართველ ბორდს მეილი გაუგზავნა. "ძველი ეპიდაფეთქების გამოცდილების მქონე ექსპერტები ამბობენ, რომ ესეც გაივლის", — გაიხსენა მან მოგვიანებით — "მე ვთქვი: "არა, ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად არის".


კომპანიის თანამშრომელ მეცნიერთა უმეტესობა ამ დროს ზამთრის კურორტებზე ისვენებდა, თუმცა, შაჰინის წერილის შემდეგ, ყველა სამსახურს დაუბრუნდა და პროექტ "ელვის სისწრაფეზე" დაიწყო მუშაობა. თებერვლის ბოლოსთვის შაჰინისა და მისი ცოლის, ოზლემ თურეჯის კომპანიას ვაქცინის 4 ვარიანტი კლინიკური კვლევისთვის უკვე მზად ჰქონდა. პრეკლინიკურ ეტაპზე, მათ ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი შეარჩიეს, თუმცა, ვრცელი და ფართომასშტაბიანი კვლევისათვის მცირე ბიო-ტექ კომპანიას უფრო გამოცდილი და დიდი პარტნიორი სჭირდებოდა. ეს მისია ფარმაკოლოგიურმა გიგანტმა, Pfizer-მა აიღო საკუთარ თავზე. მარტში გაფორმებული ხელშეკრულების თანმდევად მაისში უკვე კლინიკური კვლევაც დაიწყო.

როგორ მუშაობს ვაქცინა?

ფოტო: The New Republic

როგორც უკვე ვიცით, SARS-CoV-2 ვირუსი უჯრედში შესაღწევად ზედაპირიდან ამოჩრილ გვირგვინისებრ ცილებს, ე.წ. "სპაიკებს" იყენებს. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა სწორედ ამ "სპაიკ-ცილის" ასაშენებელ ინსტრუქციას აწვდის უჯრედს და ამგვარად, იმუნიტეტს ასწავლის, თუ როგორ "გამოიყურება" ნამდვილი ვირუსი. აღნიშნულის მისაღწევად მეცნიერთა ჯგუფმა საინფორმაციო რნმ გამოიყენა. ვაქცინით მიწოდებულ გენეტიკურ ინფორმაციას ჩვენი უჯრედები "კითხულობენ" და მიცემული "ინსტრუქციის" მიხედვით, ცილების დამზადებას იწყებენ. ეს უკანასკნელნი ორგანიზმში მიგრაციას იწყებენ და გზად უჯრედების ზედაპირებს ემაგრებიან. თავის მხრივ ვაქცინირებული უჯრედი სპაიკ-ცილების პატარა ფრაგმენტებად დაშლას იწყებს და მათი ფრაგმენტები მის ზედაპირზე აღმოჩნდება დაფიქსირებული. ეს ყოველივე კი იმუნური სისტემისგან მალულად არ ჩაივლის — ის ორგანიზმი შემოჭრილ საფრთხეს ამჩნევს.

ვაქცინით გამოწვეული იმუნური პასუხი

ფოტო: Health Magazine

იმუნური სისტემისა და ვირუსის უხილავი ომის რაობაში გასარკვევად მარტივი სამხედრო ანალოგიები დაგვეხმარება. "თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის" პრინციპის მიხედვით, ვაქცინა იმუნური სისტემის ჯარისკაცებს უცნობი დივერსანტი ვირუსების ამოცნობაში ავარჯიშებს. ვაქცინირებული უჯრედის სიკვდილის შემდეგ გამონთავისუფლებულ "სპაიკ-ცილებსა" და მათ ფრაგმენტებს იმუნიტეტის ანტიგენწარმდგენი უჯრედები შეამჩნევენ. ეს უკანასკნელნი კონტრ-დაზვერვის თანამშრომლებს მოგაგონებთ — სავარაუდო ეჭვმიტანილებს აკავებენ და ამის შესახებ ინფორმაციას იმუნური სისტემის სხვა წარმომადგენლებს, დამხმარე T უჯრედებს წარუდგენენ. სწორედ ეს უკანსკნელნი რთავენ განგაშის სიგნალს და სხვა იმუნურ უჯრედებს ინფექციასთან ბრძოლაში რთავენ. მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი B ლიმფოციტი გახლავთ. იგი სისხლში ცირკულაციისას შეიძლება ისეთ ვაქცინირებულ ან ისეთ უჯრედს დაეჯახოს, რომელსაც ზედაპირზე კორონავირუსის "სპაიკები" აქვს, ან მათ მოტივტივე ნარჩენებს გადააწყდეს. ასეთ დროს B უჯრედი სპაიკ-ცილებს მჭიდროდ იკავშირებს და თუ იგი შემდგომ დამხმარე Т უჯრედის მიერ გააქტიურდება, გამრავლებას დაიწყებს, რათა მის მსგავსად იგივე საქმე შვილეულმა უჯრედებმაც შეასრულონ. ამგვარად, ახალგაჩენილი B ლიმფოციტები სპეციფიკურად "სპაიკ-ცილაზე" დამიზნებულ ანტისხეულებს წარმოქმნიან. ეს უკანასკნელნი იმ ფეხოსან ჯარისკაცებს მოგაგონებთ, რომელთაც მტრის ამოცნობა და მათი გასანადგურებლად მონიშვნა შეუძლიათ. ისინი "სპაიკ-ცილას" ბლოკავენ კიდეც, რათა ეს უკანასკნელი სხვა უჯრედებს ვეღარ დაუკავშირდეს.

ანტიგენწარმდგენმა უჯრედებმა შეიძლება უფრო მკაცრი იმუნური პასუხიც გააქტიურონ. ასეთ დროს, საქმეში მკვლელი T უჯრედები ერთვებიან. ისინი სპაიკ-ცილის შემცველ უჯრედებს მთელ ორგანიზმში ეძებენ და ანადგურებენ.

ზემოთ აღწერილი პროცესი ზედაპირულად აღწერს იმ რთულ ფიზიოლოგიურ პროცესს, რაც ორგანიზმში ვაქცინაციის შემდეგ იწყება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საინფორმაციო რნმ ძალზედ ფაქიზია — იგი რომ ორგანიზმში პირდაპირ შევიყვანოთ, ჩვენი ფერმენტების მეოხებით, ნაწილებად მალევე დაიშლება. სწორედ ამიტომ, ძვირფასი საინფორმაციო რნმ ლიპიდური ნანოუჯრედების დახმარებით შექმნილ ცხიმოვან ბურთულებშია გახვეული. ასეთი დაცვის მიუხედავად, ვაქცინა ოთახის ტემპერატურასაც რთულად იტანს. ამის გამო იგი სამხრეთ პოლუსის მსგავს სიცივეში (–70°C) ინახება.

კლინიკური კვლევის შედეგები

ფოტო: Economic Times

საწყის ეტაპზე, მეცნიერებმა აშშ-ში, არგენტინაში, ბრაზილიასა და გერმანიაში 30 ათასი მოხალისე შეარჩიეს და ისინი კლინიკურ კვლევაში ჩართეს. 2020 წლის სექტემბრისთვის მათ ეს მაჩვენებელი 44 ათასამდე გაზარდეს. კლინიკური კვლევა ისე იყო დაგეგმილი, რომ არც ექიმებმა და არც კომპანიების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, თუ ვის უკეთდება ვაქცინა და ვის — პლაცებო.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაცია ორაცრიანია და ინექციებს შორის პერიოდი 21 დღეს შეადგენს. ამ დროის განმავლობაში, იმუნური სისტემა ვირუსის ამოცნობასა და მასთან ბრძოლას წარმატებით სწავლობს. როგორც კლინიკური კვლევის ეტაპზე გამოჩნდა, პირველი აცრიდან 10 დღის შემდეგ ორგანიზმს, პლაცებო ჯგუფთან შედარებით, კორონავირუსის წინააღმდეგ უკვე ძლიერი დაცვა აქვს.

კლინიკური კვლევის პროტოკოლის თანახმად, რაღაც პერიოდულობით შუალედური ანალიზი უნდა ჩატარდეს. ეს დამოუკიდებელი ექსპერტების კომისიას საშუალებას აძლევს, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ წარმოდგენა შეიქმნას. პირველი ასეთი შუალედური ანალიზი მას შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, რაც კვლევაში ჩართული 32 ადამიანი კორონავირუსით დამოუკიდებლად დაინფიცირდებოდა. თუმცა, FDA-სთან მოლაპარაკებების შემდგომ გადაწყდა, რომ მკვლევარები 62 შემთხვევას უნდა დალოდებოდნენ.

"როდესაც ყველაფერი მზად გვქონდა და მონაცემების ანალიზი უნდა დაგვეწყო, აღმოჩნდა, რომ უკვე საჭიროზე უფრო მეტი შემთხვევა გვქონდა", — აღნიშნა Pfizer-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ქეითრინ ჯენსენმა. სწორედ მას დაუკავშირდა უღურ შაჰინი და COVID-19-ის ვაქცნის კვლევაში კოლაბორაცია შესთავაზა. ჯენსენი და შაჰინი ერთმანეთს პირველად 2017 წელს შეხვდნენ. მაშინ BioNTech ინფექციური დაავადების ექსპერიმენტულ სამკურნალო საშუალებაზე მუშაობდა და მისი ხელმძღვანელი ნიუ-იორკში, Pfizer-ის სათავო ოფისს საქმიანი პარტნიორის პოვნის იმედით ესტუმრა. ქეითრინ ჯენსენი ვაქცინებზე მომუშავე მეცნიერებსა და ფარმაკომპანიების მესვეურთა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მასზე აკადემიურ წრეებში იმასაც ამბობენ, რომ სამეცნიერო საკითხების ანალიზისას იგი ძალიან მკაცრი შემფასებელია. ჯენსენი პატარა გერმანული ბიო-ტექ კომპანიის მიმართაც სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ შაჰინის ვიზიტმა მას დამოკიდებულება რადიკალურად შეაცვლევინა. 1 წლის შემდეგ, Pfizer-მა BioNTech-თან ხელშეკრულება დადო, რომლის ფარგლებშიც მათ ინფორმაციული რნმ-ის გამოყენებით გრიპის ახალი თაობის ვაქცინა უნდა შეექმნათ. 2020 წელს მისი კლინიკური კვლევაც უნდა დაეწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამოჩენამ ორივე კომპანიის ყურადღება სულ სხვა მხარეს მიაპყრო.

საბოლოო ჯამში, შუალედური კვლევის ფარგლებში, დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ 62-ის ნაცვლად 94 კლინიკური შემთხვევა გააანალიზა. მიღებული შედეგები იმედისმომცემი გამოდგა — ვაქცინა 90%-ზე მეტ შემთხვევაში ეფექტიანი აღმოჩნდა და იგი აცრილ ადამიანებს კორონავირუსით ინფიცირებისგან წარმატებით იცავდა. აღნიშნული განცხადებით Pfizer/BioNTech კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად გამართულ რბოლაში საგრძნობლად დაწინაურდა.

კლინიკური კვლევის შუალედური ოპტიმისტური შედეგები მალევე საბოლოო შედეგებმა გაამყარა — ვაქცინა ეფექტიანობას 95% შემთხვევაში აღწევდა და იგი კორონავირუსით ინფიცირებისგან მოხუც პაციენტებსაც წარმატებით იცავდა. კლინიკური კვლევის არც ერთ ეტაპზე რაიმე სახის მძიმე არასასურველი მოვლენა არ დაფიქსირებულა.

რამდენი ხანს გასტანს აცრის შედეგად გამომუშავებული დაცვა, მეცნიერებმა ჯერ ზუსტად არ იციან. არსებობს ვარაუდი, რომ ანტისხეულებისა და მკვლელი T უჯრედების რაოდენობა ეტაპობრივად კი შემცირდება, მაგრამ იმუნურ სისტემაში მეხსირების В და Т უჯრედები პოტენციური მტრის ამოსაცნობ სურათს კიდევ დიდი ხნით შეინახავენ.

საყურადღებო გვერდითი მოვლენები და დეზინფორმაციის გაძლიერება

ფოტო: Wall Street Journal

ვაქცინის კლინიკური კვლევის ეტაპზე სიცოცხლისთვის საშიში არასასურველი მოვლენები არ დაფიქსირებულა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის დასკვნით ეტაპში 44 ათასი მოხალისე იყო ჩართული, მთლიანი სურათის დასანახად ეს მაინც არ კმარა. სიცოცხლისთვის საშიში არასასურველი მოვლენა შეიძლება მილიონიდან 1 შემთხვევაში გამოვლინდეს, მაგრამ ამისთვის ჯერ მილიონი ადამიანის აცრაა საჭირო. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინამ კლინიკური კვლევის დასრულებიდან მალევე ბევრ ქვეყანაში საგანგებო სიტუაციებში გამოყენების ნებართვაც მოიპოვა. აშშ-ს საკვებისა და წამლის სააგენტოს (FDA) ნებართვას მალევე ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანხმობაც მოჰყვა. ვაქცინაციის პირველ რგოლში სამედიცინო მუშაკები და განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები მოხვდნენ.

2020 წლის დეკემბერში, აშშ-ში, ვაქცინის პირველი დოზით, დაახლოებით, 1,9 მილიონი ადამიანი აიცრა. მათგან 21-ს მწვავე ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა და ყველა მათგანი რამდენიმე დღეში თავს უკვე ჩვეულებრივად გრძნობდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებელი ყოველ მილიონ აცრილზე საშუალოდ 11,1 მსგავს შემთხვევას ნიშნავს. უფრო ხშირი გვერდითი ეფექტებია: ნანემსარი ადგილის ტკივილი ან შესიება, ზოგადი საერთო სისუსტე, ცხელება, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. გვერდითი ეფექტები უფრო ხშირი მეორე ვაქცინაციის შემდეგ არის მოსალოდნელი და იგი მოხუც ადამიანებში უფრო იშვიათად ვლინდება.

მკაფიოდ და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ: მსგავსი სახის გვერდითი ეფექტები იმის მანიშნებელია, რომ ვაქცინა მუშაობს და იგი იმუნურ სისტემაზე გავლენას ახდენს! გვერდითი ეფექტი არ ნიშნავს, რომ ვაქცინა სახიფათოა და არც კლინიკური კვლევის დასრულებაა საბოლოო წერტილი. გვერდითი ეფექტები და არასასურველი მოვლენები დეტალურად ანალიზდება კლინიკური კვლევის ეტაპების დასრულების შემდეგაც.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით უკვე აიცრა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და რომის პაპი ფრანცისკე. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინით აცრა ეთიკური ვალდებულებაა, მასზე უარის თქმა კი — საკუთარი და სხვათა ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება. პაპმა ფრანცისკემ ხალხს ასევე მოუწოდა, არ გადადგან ნაბიჯი "თვითმკვლელობისკენ" და აიცრან.

ეს ძალზედ დროული და საჭირო გზავნილებია, რადგანაც მისინფორმაცია და დეზინფორმაცია კორონავირუსის გამოჩენიდან მოყოლებული დღემდე აქტიურ ცირკულაციაშია. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურმა ქსელებმა მსგავს უსაფუძვლო და პოტენციურად საზიანო ინფორმაციას ბრძოლა გამოუცხადეს, რეალური სურათი მაინც სხვაგვარია — არასწორი შეხედულებები ნებსით თუ უნებლიედ კვლავინდებური წარმატებით ახერხებს გავრცელებას. აღნიშნულს კი იმუნიზაციის მაჩვენებელზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

"არასრულყოფილად გადმოცემული სიმართლე ტყუილად იქცევა", — აღნიშნა სტივენ ფრაიმ კრისტოფერ ჰიტჩენსზე საუბრისას და ეს სიტყვები ვაქცინებთან დაკავშირებულ კომუნიკაციას ზუსტად ერგება. რამდენიმე დღის წინ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტომ განცხადება გამოაქვეყნა და ივარაუდა, რომ, COVID-19-ის ვაქცინის გვერდითი ეფექტები ძალიან მოხუცი თუ მძიმე ავადმყოფებისათვის, შეიძლება, გარკვეულწილად სარისკო ყოფილიყო. სააგენტოს განცხადებით, ვაქცინის პირველი აცრიდან რამდენიმე დღეში, 23 მოხუცი მოკვდა. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიის მოხუცთა სახლებში ყოველკვირეულად 400-მდე ბენეფიციარი ბუნებრივი მიზეზებით კვდება, ეს საყურადღებო შემთხვევები დეტალურად გამოიკვლიეს — ვაქცინაციასა და სიკვდილის შემთხვევებს შორის, ამ ეტაპზე, რაიმე სახის პირდაპირი კავშირი არ გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, არასრულფასოვნად გაშუქებულმა ამ სიახლემ ანტივაქსერული ხასიათი უმალ შეიძინა.

კორონავირუსის ვაქცინების დისკრედიტაციისათვის რუსეთი დეზინფორმაციულ კამპანიას აქტიურად იყენებს. მათ სამიზნეში Pfizer/BioNTech-იც არაერთგზის მოხვდა, თუმცა, ამ ეფექტიანი და უსაფრთხო ვაქცინით სულ უფრო მეტი ადამიანი იცრება და ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როცა პოტენციური სარგებელი პოტენციურ ზიანს კოლოსალურად აღემატება.


"უღური ძალიან, ძალიან უნიკალური პიროვნებაა. მას მხოლოდ მეცნიერება ადარდებს. ბიზნესზე საუბარი მისი ინტერესის სფეროს არ განეკუთვნება — მას ეს საერთოდ არ სიამოვნებს. იგი მეცნიერი და პრინციპების ადამიანია. მე მას 100 პროცენტით ვენდობი", — აღნიშნავს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა. მან თავისი ევროპელი კოლეგის პირადად გაცნობა სექტემბერში შეძლო. მანამდე ისინი ერთმანეთს მხოლოდ დისტანციურად, თუმცა უწყვეტ რეჟიმში ეკონტაქტებოდნენ.

უღურ შაჰინისა და ოზლემ თურეჯისთვის სამუშაო გარემო კვლავ უცვლელია. ვაქცინის წარმატებამ მათი კომპანიის ღირებულება $21 მილიარდამდე გაზარდა და ცოლ-ქმარი გერმანიის უმდიდრეს ადამიანებს შორისაც მოახვედრა. თუმცა, ერთი შეხედვით, ფინანსური წარმატება მათ დიდად არ ეტყობათ: ისინი კვლავ სამსახურთან ახლოს, მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობენ და სამსახურამდე მისასვლელად ველოსიპედს იყენებენ. აღსანიშნავია, რომ წყვილს მანქანა ჯერ კიდევ არ ჰყავს.