ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, არაფერი წინ არ უდგას პარტია მოქალაქეების ლიდერთან, ალეკო ელისაშვილთან შეხვედრას. მისი თქმით, თუ თვის ბოლოს ინდივიდუალური შეხვედრა შედგება, ის კიდევ ერთხელ მყარად დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"არასდროს არ დამიმალავს ჩემი პოზიცია. ახლა უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვიცლი დამატებითი შეხვედრებისთვის. ამიტომ, ჩემი თხოვნა იყო — თუკი აქვთ სურვილი შეხვედრის და თვის ბოლომდე იცდის დრო, იქნებ გადაგვედო. შედგება ეს შეხვედრა? არაფერს განსხვავებულს არ ვიტყვი, ვიდრე ახლა ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ თუ არის ერთი პროცენტი შანსი იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ, კუთხეები მაინც დავამრგვალოთ და მოვრიგდეთ, რატომაც არა?", — განაცხადა მან.

გირჩსა და მოქალაქეებს შორის ინდივიდუალური კონსულტაცია გაიმართა. სწორედ ეს ორი პარტია განიხილავს აქტიურად 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად განხილვის შესახებ. ისინი აცხადებდნენ, რომ ამის შესახებ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს სხვა პარტიებთანაც გამართავდნენ.

18 იანვარს ინდივიდუალური შეხვედრის ფორმატზე უარი განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ვაშაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უკვე ბევრი ალტერნატივა შესთავაზა ხელისუფლებას და ახლა ჯერი ქართულ ოცნებაზეა.