ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის რანგში თეთრი სახლი უკანასკნელად დატოვა. როგორც უკვე ცნობილია, ის ინაუგურაციას არ დაესწრება.

როგორც CNN წერს, ტრამპი ენდრიუსის ბაზაზე მიდის, სადაც გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ფლორიდაში გაემგზავრება.

ფოტო: AP

ფოტო: AP

ენდრიუსის ბაზაზე დონალდ ტრამპმა და მელანია ტრამპმა თავიანთ მხარდამჭერებს მიმართეს.

თვითონ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს გასაოცარი ოთხი წელი იყო. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში "ბევრს შრომობდნენ".

"თქვენს პირველ ლედიდ ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. თქვენ ჩემს ფიქრებსა და ლოცვებში იქნებით. ღმერთმა დაგლოცოთ. და ღმერთმა დალოცოს ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა. მადლობა", — მიმართა მხარდამჭერებს მელანია ტრამპმა.

ენდრიუსის ბაზაზე გამოსვლის დასრულების შემდეგ კი ტრამპი ოჯახთან ერტად Air Force One-ის ბორტზე ავიდა და ფლორიდაში გაემგზავრა. ამ დროს ფრენკ სინატრას My Way დაუკრეს.

ჩვეულ დროს, პრეზიდენტი თეთრ სახლს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ტოვებს, თუმცა ტრამპი ღონისძიებას არ დაესწრება. როგორც ჩანს, არც დილის ყავის ტრადიციული მიღება გაიმართება.