Framing Britney Spears — ბრიტნი სპირსზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა FX-სა და Hulu-ზე, 5 თებერვალს შედგება. ფილმი, რომელიც მომღერლის მეურვეობის საკითხს ეხება The New York Times Presents სერიების ნაწილია და პირველი სეზონის მეექვსე ეპიზოდი იქნება.

ათწლეულზე მეტია, სპირსს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება შეზღუდული აქვს, მის ფინანსურ და პირად საკითხებს მეურვე განკარგავს, 2019 წლის შემოდგომამდე ამ უფლებით მამამისი სარგებლობდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესების გამო უარი განაცხადა, ახლა მომღერლის ფინანსებს ლიცენზირებული მეურვე განკარგავს.

გასულ წელს, მომღერალმა განაცხადა, რომ მამამისის მიერ მისი ქონების განკარგვის ფაქტს ემიჯნებოდა, თუმცა უშედეგოდ.

მხარდამჭერები ბრიტნის მდგომარეობით შეწუხებულები არიან და მეურვეობის პირობები და მოტივები საეჭვოდ მიაჩნიათ. მათ ონლაინ კამპანია წამოიწყეს ჰეშთეგით — #FreeBritney

"ბრიტნი სპირსის გარემოცვა და მეურვეობის საკითხებზე მომუშავე ადვოკატები მომღერლის მიერ, ქონების განკარგვის უფლების ხელახლა მოსაპოვებლად გამართული სამართლებრივი ბრძოლის პარალელურად, მის კარიერას მიმოიხილავენ", — ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.