პროგრამირების მზარდი პოპულარობის მიუხედავად, ცოტა რამ არის ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორ ეგუება ჩვენი ტვინი ამ შედარებით ახალ საქმიანობას. ამის გამო, იაპონიაში მკვლევრებმა შეისწავლეს პროგრამირების კუთხით, სხვადასხვა პროფესიულ საფეხურზე მდგომი 30 პროგრამისტის ტვინის აქტივობა და დაადგინეს, რომ პროგრამირების ექსპერტების ტვინი შუბლის (ფრონტალური), საფეთქლის (ტემპორალური) და თხემის (პარიეტული) წილების 7 რეგიონს ოსტატურად იყენებს. დასკვნის თანახმად კი, პროგრამირების უფრო მაღალ საფეხურზე ყოფნა და ამ საქმის "ექსპერტობა" სწორედ რომ ამ სხვადასხვა რეგიონზე გადანაწილებული მაღალი ხარისხისა და ეფექტიანობის მქონე ტვინის აქტივობის შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.

"არაერთმა კვლევამ აჩვენა განსხვავებები ექსპერტი და ახალბედა პროგრამისტების მუშაობის პროცესში გამოვლენილი ქცევის, ცოდნის სტრუქტურირებისა თუ სელექციური ყურადღების კუთხით. რაც აქამდე არ ვიცოდით იყო ის, თუ ტვინის რა ნაწილიდან მოდის ეს განსხვავებები", — ამბობს ტაკატომი კუბო, Nara Institute of Science and Technology-ის ასოცირებული პროფესორი და აღნიშნული ნაშრომის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი.

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მკვლევარებმა სამი სახის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროგრამისტები გამოყვეს — დამწყებები, გამოცდილი პროგრამისტები და ექსპერტები. ექსპერიმენტის ფარგლებში, ცდისპირებს (30 პროგრამისტს) 72 სხვადასხვა კოდის ნაწყვეტი აჩვენეს, პარალელურად კი, ფუნქციონალურ MRI (fMRI)-ის უღებდნენ და სთხოვდნენ, მოცემული ფრაგმენტები ოთხი ფუნქციური კატეგორიიდან ერთ-ერთში მოეთავსებინათ. როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე პროგრამისტები ამ ფრაგმენტების ზუსტად კატეგორიზების კუთხით, გაცილებით კარგები იყვნენ.

შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ ინფორმაციის რაოდენობა და აქტივობის მაჩვენებელი ტვინის ამ შვიდ რეგიონში მონაწილე პროგრამისტების უნარ-ჩვევების მაჩვენებლის პარალელურად მზარდი იყო. პროგრამირების დროს კი აქტიურდებოდა ორმხრივი ქვედა შუბლის გირუსი pars triangularis (IFG Tri), მარცხენა ქვედა პარიეტალური ლობუსი (IPL), მარცხენა სუპერმარგინალური გირუსი (SMG), მარცხენა შუა და ქვედა დროებითი გიროები (MTG / IT) და მარჯვენა შუა შუბლის გირუსი (MFG). უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, IFG Tri და MTG ბუნებრივი ენის დამუშავებასთანაა ასოცირებული, კერძოდ, სემანტიკური ცოდნის მიღებასთან, მიზანზე ორიენტირებული გზით. მარცხენა IPL და SMG კი ეპიზოდურ მეხსიერებასღან კავშირდება. მარჯვენა MFG და IFG Tri კი ფუნქციურად უკავშირდება სტიმულებზე ორიენტირებულ ყურადღების კონტროლს.

"პროგრამირების ექსპერტებში ამ მახასიათებლის იდენტიფიცირება გვაძლევს კარგ საფუძველს იმ კოგნიტური მექანიზმების გასაგებად, რომელიც პროგრამირების მიღმა დგას. ჩვენი მიგნებები კი გვთავაზობს შემეცნებითი ფუნქციების პოტენციური ნაკრებს, რომელიც პროგრამირების გამოცდილებას განსაზღვრავს", — ამბობს ტაკატომი კუბო.

პროგრამისტების რაოდენობა, მსოფლიოს მასშტაბით, სულ უფრო იზრდება. ეს ახალი პროფესიაა, რომელიც ჩვენი კოლექტიური ცნობიერისთვის მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის თუ წვრთნის ის ჩვენი ტვინის აქტივობასა და შესაძლებლობებს. ხოლო ის, თუ ზუსტად როგორ მუშაობს პროგრამისტის ტვინი, ან როგორ ეგუება ადამიანის ტვინი ამ ახალ პროფესიას, ჯერ კიდევ უცნობი რამაა.

"სხვა, კარგად ცნობილი კოგნიტური ფუნქციების პროგრამირების აქტივობასთან დაკავშირება ჩვენი მხრიდან პროგრამირების ცოდნის გაგებას გააუმჯობესებს. თუ მივიღებთ უფრო სრულყოფილ თეორიას ამ კუთხით, ეს გამოიწვევს კომპიუტერულ პროგრამირების სწავლისა და სწავლების უკეთესი მეთოდების დანერგვას, ” — ამბობს ტაკატომი კუბო.