რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის შენობაში გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარებინეს. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ბავშვები საპირფარეშოს ასუფთავებენ.

"ვერ ვაკეთებ მე, არ შემიძლია", — ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე გავრცელებულ ვიდეოში.

"ვაიმე, ვაიმე მოვიდა მასწავლებელი", — ისმის ამავე ვიდეოში.

On.ge ჩხოროწყუს მერს, დავით გოგუას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაგვიდასტურა. მან გვითხრა, რომ ბავშვები ნამდვილად იყვნენ შენობაში და სხვადასხვა გაწმენდით სამუშაოს აწარმოებდნენ. გოგუას განცხადებით, "უმკაცრესად დაისჯება ყველა", ვინც შემხებლობაში იყო ამბავთან.

"რაც შეეხება რეაგირებას, ფაქტზე მყისიერად მოხდა, ეს არ არის დღევანდელი ფაქტი, ეს 25-ში მოხდა და 26-ში უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. უმკაცრესად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც შემხებლობაში იყო ამ ფაქტთან. სამწუხაროდ ეს ბავშვები მერიის შენობაში იმყოფებოდნენ. როგორც კი გავიგეთ ამის შესახებ, მერიის შენობიდან მყისიერად გაიყვანეს. სხვადახვა დასუფთავების სამუშაოებს ეწეოდნენ ეს ბავშვები, როგორც გაირკვა შემდგომ", — გვითხრა მერმა.

On.ge, ასევე, ესაუბრა რესურსცენტრის წარმომადგენელსაც, რომელმაც გვითხრა, რომ მათ არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში მაშინვე ჩააყენეს.

"მეც ვიცი ის ინფორმაცია, რასაც ახლა თქვენ მეუბნებით. სოციალურ ქსელში, რაც ნახეთ, ის არის ჩვენთვისაც ცნობილი და ეს ფაქტი ვაცნობე სამინისტროს ზუსტად. გამოკვლევა ყველაფერს დაადგენს და დავაზუსტებთ, იმიტომ, რომ რახან ბავშვებს ეხება საქმე არ შეიძლება ეს ინფორმაცია დაუზუსტებელი რომ გითხრათ", — გვითხრეს იქ.

ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, გაესაუბრნენ თუ არა რესურსცენტრის წარმომადგენლები სკოლის ადმინისტრაციას, რაზეც გვიპასუხეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ამიტომ მსგავსი გამოკვლევების უფლება მათ არ აქვთ. ამასთან, ჩვენ კითხვას, რატომ წაიყვანეს ან ვინ წაიყვანა ბავშვები, უწყებაში პასუხობენ, რომ სავარაუდოდ, ეს რაღაც პროექტის ფარგლებში იყო.

"არა, ვიცი მარტო, რომ ეს იყო პროექტი და პროექტის ფარგლებში გაკეთდა ეს", — გვითხრეს იქ.

On.ge დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება უკვე დაიწყეს.

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ფაქტის იდენტიფიცირებისთანავე დაიწყო მოკვლევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. აღნიშნულთან მიმართებაში სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აცხადებს, რომ ნებისმიერ დარღვევას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება", — აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, იქ გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.