კანადამ ულტრამემარჯვენე დაჯგუფება Proud Boys (ამაყი ბიჭები) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. კანადა პირველი ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნულ ჯგუფს ტერორისტების სტატუსი მიანიჭა.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა, რომ ამ დაჯგუფების მონაწილეობამ კაპიტოლიუმზე თავდასხმაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. 6 თებერვლის არეულობის საქმეზე ჯგუფის სულ მცირე რვა წევრია დაკავებული.

როგორც BBC განმარტავს, ამის შემდეგ შესაძლოა Proud Boys-ს აქტივები გაიყინოს, ხოლო ძალადობრივი ქმედებების შემთხვევაში შესაძლოა, ბრალი ტერორიზმისთვის წარედგინოთ.

Proud Boys წევრები მხოლოდ კაცები არიან და იმიგრანტების წინააღმდეგ გამოდიან. ორგანიზაცია 2016 წელს Vice Media-ს ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა, გევინ მაკკინესმა დააფუძნა. მათი მოსაზრებები ემთხვევა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იდეებს, ასევე, მათი იდეოლოგია მოიცავს ლიბერტარიანიზმსა და ტრადიციულ გენდერულ როლებს.

დაჯგუფება კანადაში ტერორისტულ ორგანიზაციად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აშშ-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებით უკმაყოფილო ექსტრემისტების მხრიდან ტერორიზმის საფრთხე მაღალი იყო.

Proud Boys კანადის განყოფილება არაორგანიზებულ დაჯგუფებად მიიჩნეოდა, თუმცა მათი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება გაზრდილ საფრთხეზე მიანიშნებს.