დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი 14 წლის გოგოა, რომელმაც გუშინ თავი მოიკლა. აღსანიშნავია, რომ როცა მედიაში ბავშვის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, შსს სავარაუდო სექსუალურ ძალადობას არ ადასტურებდა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი, სადაც მოძალადის დაკავებაზეა საუბარი, ასევე არაფერია ნათქვამი თვითმკვლელობაზე.

მომხდარზე კომენტარი მედიასთან არასრულწლოვნის ბაბუამ გააკეთა. მისი თქმით, ბრალდებულმა ბავშვზე სექსუალურად ორჯერ იძალადა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საქმეზე გამოძიება.

"წავედი დილას და საღამოც არ იყო, მოვედი, აგერ ჩამოკიდებული დამხვდა. ბავშვმა არაფერი თქვა, დამალა, ალბათ დაემუქრა — არ თქვა თორემ მოგკლავო. 6 თვის შემდეგ კიდევ მოაკითხა და მეორეჯერ იძალადა, შემდეგ გაიხსნა საქმე.

ბავშვი ამოვიდა ატირებული, ასე მიქნა, იძალადა ჩემზეო [...] რამ მიიყვანა ამ ზომამდე და, თბილისიდან არ ჩამოვიდა ექსპერტის ცნობა მალე, ერთი ჩამოვიდა, ერთი არ ჩამოვიდა", — განაცხადა მან.

შსს-ს ცნობით, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ედება, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. რაც შეეხება გოგოს გარდაცვალებას, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.