საქართველოს სახალხო დამცველის პირველადი შეფასებით, გელათის ტაძრის რეაბილიტაციისას, თითქმის 10 თვით დაგვიანდა დროებითი გადახურვის გაკეთება, აქედან რამდენიმე კვირაში კი აღნიშნული დროებითი გადახურვაც დაზიანდა. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ეს მიუთითებს არაეფექტურ ზედამხედველობას ძეგლის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან.

სახალხო დამცველი საუბრობს იმ სისტემურ პრობლემებზეც, რომელიც გელათის ტაძრის რეაბილიტაციის საქმის შესწავლისას გამოიკვეთა.

"მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოების ეტაპობრივი ჩაბარების დროს, შესრულებული სამუშაოების ხარისხის საექსპერტო დასკვნის გზით შეფასების ვალდებულებას. აღნიშნული დიდ საფრთხეს უქმნის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის სწორად წარმართვის პროცესს", — ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

სახალხო დამცველის ეს დასკვნები ეფუძნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და დარბის ექსპერტებთან გამართულ შეხვედრებს, ასევე ვითარების ადგილზე გაცნობით მიღებულ ინფორმაციას.

"გელათის რეაბილიტაციის პროცესში, გადახურვისთვის გამოყენებული კრამიტი დაზიანდა და ტაძრის ინტერიერში ჩავიდა წყალი, რაც ექსპერტთა განმარტებით ამ დრომდე იწვევს უნიკალური ფრესკების დაზიანებას", — ვკითხულობთ სახალახო დამცველის განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, სამომავლოდ დაგეგმილი სარეაბილიტაციო საქმიანობის დაწყებამდე, ნინო ლომჯარია შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

  • დაგეგმილი სამუშაოები განხორციელდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით ჩასატარებელ კვლევებს;
  • უზრუნველყოფილ იქნას კვალიფიციური, დამოუკიდებელი საერთაშორისო/ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობა;
  • საზოგადოებას სისტემატურად მიეწოდოს სრული ინფორმაცია არსებულ პრობლემებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის კონსტიტუციური ვალდებულებაა, შესაბამისად, იგი განაგრძობს აღნიშული საკითხის შესწავლას.