ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს, რაც პროკურატურას უფლებას აძლევს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე დააკავოს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართული ოცნების ამოცანაა, არ შეაფერხონ მართლმსაჯულების აღსრულება.

"სამწუხაროდ, ნიკა მელიას, ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობის მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ.

ამავდროულად, მან საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა — უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას. შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა, მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს ერთადერთი ადამიანი, ვისზეც არის დამოუკიდებული, დაუმძიმდება თუ არა აღკვეთის ღონისძიება ნიკა მელიას, თავად ნიკა მელიაა.

12 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისთვის გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა. იმის გამო, რომ მელია ოფიციალურად პარლამენტის დეპუტატია, მას იმუნიტეტი იცავს.

გენერალურ პროკურატურას მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება იმისთვის, რომ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. იმუნიტეტის მოხსნი საკითხი კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს.

პროკურატურამ ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რათა გირაოს თანხა გადაეხადა, რომელიც მას ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაეკისრა. ეს ვადა სწორედ 12 ებერვალს ამოიწურა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია.

ამავე საქმეზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა პროკურატურამ 2019 წლის ივნისშიც მიმართა. მაშინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და პროკურატურას მისი დაკავების უფლება თუმცა სასამართლომ მას პატიმრობის ნაცვლად გირაო შეუფარდა.

ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.

2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

2020 წლის 1 ნოემბერს არჩევნებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა და განაცხადა რომ მას აღარ გაიკეთებდა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 ათას ლარამდე მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობად 70 ათასი ლარი შეეფარდა.