ბოლო დროს ბევრისგან გვესმის ახალბედა სოციალური ქსელის — Clubhouse-ის შესახებ, რომელიც ვიზუალური კომუნიკაციის ეპოქაში, აუდიო კომუნიკაციის ტრენდს აჰყვა. შეიძლება ითქვას, რომ ეს LIVE პოდკასტების პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ პირდაპირ ეთერში მიუგდოთ ყური მნიშვნელოვან თემებზე გამართულ დისკუსიებს და თვითონაც იყოთ მსგავსი საუბრების ინიციატორი. ეს LIVE პოდკასტებია, რომელთა მიმდინარეობისას შეგიძლიათ დასვათ კითხვები და მოისმინოთ პასუხები თუნდაც ისეთი სპიკერებისგან, როგორიც ილონ მასკია.

სხვათა შორის, Clubhouse განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ამ აპლიკაციის საშუალებით ილონ მასკმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. თუმცა, უმნიშვნელო საკითხებზე რომც ესაუბრა, SpaceX-ისა და Tesla-ს CEO-ს მომხმარებლობა ნებისმიერი ახალბედა აპლიკაციისთვის დიდი წინსვლის მომასწავებელია. არამხოლოდ აპლიკაციისთვის — ამ ტექპერსონის დახმარებით ხუმრობით შექმნილი კრიპტოვალუტებიც კი მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ...

Clubhouse 2020 წლის მარტში ამოქმედდა, თუმცა ცოტა უცნაურიც კია, რომ მომხმარებლები დღემდე მის ბეტა ვერსიას იყენებენ. ბოლო თვეებში მისი მომხმარებელთა რიცხვი რამდენიმე ათასიდან მილიონებამდე სწრაფად გაიზარდა. ეს მაშინ, როცა აპლიკაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა და მისი გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ შეგიძლიათ, თუ ვინმე აუდიო "ოთახში" მოგიწვევთ. აქვე უნდა განვმარტოთ:

წესი 1. სანამ არ მოგიწვევენ, Clubhouse-ს ვერ გამოიყენებთ. ფუნქციურია აპლიკაციის ჯერ კიდევ ბეტა ვერსია და იმისათვის, რომ ამ ახალ სოციალურ ქსელში ამოყოთ ყური, აუცილებელია ვინმემ მოგიწვიოთ.

კიდევ ერთი დაბრკოლება, რომელიც შეიძლება შეგექმნათ იმ შემთხვევაში, თუ გინდათ Clubhouse-ის გამოყენება სცადოთ, Android-ის ოპერაციული სისტემის მომხმარებლობაა. და აქვე:

წესი 2. ნუ მოძებნით Clubhouse-ს Google Play-ზე, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ iOS აპლიკაციაა.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ვიზუალური კომუნიკაციის საშუალებები გაჩნდა და ფოტოგაზიარების პლატფორმები (მაგ. Instagram) ასეთი პოპულარობით სარგებლობენ, ბევრ ადამიანს ეგონა, რომ აუდიო კომუნიკაციის ფორმა აქტუალობას ნელ-ნელა დაკარგავდა. ამას ამბობდნენ, მაგალითად, რადიოზე, რომელსაც დღეს ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს. თუმცა, აუდიო საშუალებები წარმატებით გარდაიქმნა და მოერგო თანამედროვე საჭიროებებს, სულ უფრო პოპულარული ხდება პოდკასტები და როგორც ვხედავთ, აუდიო შეხვედრების პლატფორმის მომხმარებელთა რიცხვიც საკმაოდ სწრაფად იზრდება. ერთი მხრივ, ეს ექსკლუზიურობის განცდითაცაა ნასაზრდოები (გავიხსენოთ წესი 1 — თუ არ მოგიწვევენ, აპლიკაციას ვერ გამოიყენებთ), თუმცა Clubhouse უკვე ბევრ რამეს ცვლის. მათ შორის, სოციალური ქსელების დღისწესრიგს.

Facebook და Twitter უკვე მუშაობენ Clubhouse-ის კონკურენტი პლატფორმების შექმნაზე

ის, რომ სოციალური მედიის გიგანტები ამდენად პატარა და ჯერ კიდევ განვითარების ბეტა ეტაპზე მყოფ აპლიკაციას ასე სერიოზულად აღიქვამენ, ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. მაგალითად, იმაზე, რომ საკმაოდ მარტივი შეიძლება იყოს ტექნოლოგიურმა გიგანტებმა "საფრთხედ" აღგვიქვან და ბრძოლა გამოგვიცხადონ. Facebook აუდიო კომუნიკაციის პლატფორმაზე უკვე მუშაობს, Twitter კი საერთო აუდიოჩატის ფუნქციის შექმნის გზას ადგას.

ფაქტია, რომ აუდიო კომუნიკაციაზე დიდი მოთხოვნა არსებობს. ამას Clubhouse-ის გარდა პოდკასტების უკვე გაზრდილი და დამკვიდრებული ტრენდიც გვაჩვენებს. Clubhouse-იც მკაცრად მიჰყვება არჩეულ მიმართულებას და თუ სხვა სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ხართ, შეიძლება ოდნავ გაგიჭირდეთ, თუმცა, აქ ინტერაქციის ერთადერთი გზა აუდიო კომუნიკაციაა.

წესი 3. Clubhouse-ზე ელოდეთ მხოლოდ აუდიო ჩატებს.

როგორ შეგვიძლია Clubhouse გამოვიყენოთ სწავლისთვის, სოციალური მიზნებისთვის თუ ბიზნესის განვითარებისთვის

როგორც უკვე ვთქვი, Clubhouse-ის გამოყენებისას მოწვევაზე ხართ დამოკიდებული, ხოლო მას შემდეგ, რაც მეგობარი მოგიწვევთ და ყურსასმენებს მოირგებთ, აქ დაგხვდებათ უამრავი კატეგორია. ისევე, როგორც აუდიო შეხვედრები პირდაპირი ეთერები, სადაც მხოლოდ ხმა ისმის და ვიდეოს ვერსად იპოვით. აქ მსმენელები და გამომსვლელები chat room-ებში არიან გადანაწილებულნი. აქ იმართება პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები, კონკრეტულ საკითხზე საუბრები და თქვენც შეგიძლიათ ასეთივე აუდიო "ოთახი" მოიწყოთ, დაპატიჟოთ თქვენთვის სასურველი ადამიანები და გადაწყვიტოთ, ვინ იქნება სპიკერი.

ფაქტობრივად, Clubhouse-ის თითოეულ ოთახში პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს პოდკასტი და თქვენ, მის წამყვანებთან თუ სტუმრებთან რეალურ დროში შეგიძლიათ ინტერაქციაში შესვლა. აქ შეგიძლიათ ოთახიდან ოთახში იხეტიალოთ და დარჩეთ იქ, სადაც თქვენს ცნობისმოყვარეობას დაანაყრებენ და ახალ ცოდნასაც შეგძენენ. ან უბრალოდ, დარჩეთ იქ, სადაც თანამოაზრეებს იპოვით, შეხედულებებს კიდევ უფრო გაიმყარებთ, ან გაერთობით.

როგორც ნებისმიერი სოციალური მედია, Clubhouse თქვენი ბიზნესის განვითარების პირდაპირი და უპირობო გარანტია არაა. როგორც ყველა სხვა ონლაინ რესურსი, Clubhouse-იც ინსტრუმენტია თქვენი მარკეტერების ხელში და თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, როგორ აპირებთ ეს შესაძლებლობა თქვენი ბიზნესის სასიკეთოდ გამოიყენოთ. მაგალითად, აქ შეგიძლიათ დარგის ექსპერტებისგან საინტერესო ცოდნა და იდეები მიიღოთ. გაეცნოთ პრაქტიკულ რჩევებს, რომელსაც თქვენს სფეროში მოღვაწე ადამიანები იძლევიან. გარდა ამისა, აქ შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თქვენი ბიზნესის/იდეის განვითარებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, პარტნიორები ან ახალი კადრები, რომლებიც ასე გჭირდებათ კომპანიაში.

Clubhouse საქართველოში

Clubhouse-ზე უკვე ათასობით ქართველ მომხმარებელს შეხვდებით და მათ შორის, რა თქმა უნდა, არამხოლოდ მსმენელებს. აქ უკვე არაერთი "ოთახია", სადაც სხვადასხვა, ქართული კონტექსტისთვის ადეკვატურ საკითხს განიხილავენ.

ასე, ნელ-ნელა Clubhouse ქართულენოვანი მომხმარებლისთვისაც აქტუალური პლატფორმა ხდება. შესაბამისად, ფეისბუქის სქროლვისას, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტი მეგობრის პოსტს შევხვდებით, რომელიც Clubhouse-ის შეხვედრაზე მოგვითხრობს, ან მზადაა მასზე მოგვიწვიოს.

თუ ახალი ხართ Clubhouse-ზე — როგორ გამოვიყენოთ

ნაბიჯი 1: შეათვალიერეთ კატეგორიები, შეუერთდით თქვენთვის საინტერესო კლუბებსა და აუდიო ჩატებისთვის განკუთვნილ "ოთახებს". იპოვეთ მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანები თუ ინდუსტრიები. ყველაფერზე დაფიქრებით აპლიკაციის პირველად მოხმარების გამოცდილებას ნუ გაიფუჭებთ. მიჰყევით თქვენს ცნობისმოყვარეობას და გამოიწერეთ ის ადამიანები, რომლებიც საინტერესოდ გეჩვენებათ.

ნაბიჯი 2: მიზნად დაისახეთ სარგებლის შექმნა. იფიქრეთ საკითხზე, რომელშიც გარკვეული ხართ და გინდათ ცოდნა სხვებსაც გაუზიაროთ. როცა თემას შეარჩევთ, დარწმუნდებით, რომ ის სხვებისთვისაც სასარგებლო შეიძლება იყოს, შეგიძლიათ საკუთარი აუდიო ჩატის ოთახი მოაწყოთ. აქვე, პატარა რჩევა იქნება, რაც შეიძლება დაავიწროვოთ თემა და თქვენთვის საინტერესო სფეროს სხვებისთვის საინტერესო კუთხე უპოვოთ. მაგალითად, "Clubhouse-ის ისტორია, როგორ შეიქმნა სოციალური ქსელის" ნაცვლად — "როგორ გამოვიყენოთ Clubhouse".

ნაბიჯი 3: შეარჩიეთ სპიკერი, რომელიც აუდიტორიას მოიზიდავს და ჩართულობას მოიტანს. მან შეიძლება ილაპარაკოს კონკრეტულ ინდუსტრიაზე, თქვენს პროდუქტზე, ან უბრალოდ, საკუთარ იდეებზე. დასვით კითხვები. თქვენ შეგიძლიათ ეს პოდკასტი, რომელიც პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს, უამრავი ადამიანის ცოდნის წყაროდ აქციოთ და მეტიც, თუ ბიზნეს მიზნები გამოძრავებთ, ასე შეძლებთ სულ სხვა ტიპის აუდიტორიამდე მიიტანოთ ინფორმაცია თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ.

ამ ეტაპზე, ზუსტად იმის თქმა, როგორ განვითარდება Clubhouse და როგორი იქნება მისი არა ბეტა, არამედ დასრულებული ვერსია, რთულია. ამ ეტაპზე კი ფაქტია, რომ ამ აპლიკაციამ უკვე უამრავი ადამიანი შემოიკრიბა და შეძლო შეექმნა დისკომფორტი ისეთი სოციალური მედიის გიგანტებისთვის, როგორიც Facebook და Twitter-ია. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის კი იმაზე, თუ როგორი მყიფეა "მსოფლიო ტექნოლოგიური წესრიგი" და როგორ სწრაფად შეუძლიათ პატარა, ჯერ კიდევ ბეტა ვერსიის აპლიკაციებს სოციალური მედიის გიგანტებში კონკურენციის განცდა აღძრან და მათი ახალი სამუშაო მიმართულებების მიზეზად იქცნენ.