პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ამის შესახებ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი უკვე მეორედ გახდება.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღარიბაშვილი პოლიტსაბჭოს მან წარუდგინა და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

"ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ქართული ოცნების დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ პრემიერმინისტრის თანამდებობა", — თქვა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ღარიბაშვილის მინისტრობისა და პრემიერმინისტრობისას განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, ის არის "გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი", რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

კობახიძემ წარმატებები უსურვა ღარიბაშვილს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე და აღნიშნა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში დამტკიცდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა კი ქართულ ოცნებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველასთვის ემოციური დღეა, თუმცა ქართულმა ოცნებამ, ამის მიუხედავად, გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო. მან მადლობა გადაუხადა პარტიის თავმჯდომარესა და მთლიან გუნდს დასახელებისთვის.

"ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა პირველ რიგში და რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პატივი, რომ უკვე, რა თქმა უნდა, დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, პირველ რიგში, ეს არის კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწრაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები და რა თქმა უნდა, მინდა აღვნიშნო ძალიან მოკლედ, რომ ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება".

18 თებერვალს, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. მან გადადგომის მიზეზად სწორედ ამ საქმესთან დაკავშირებით გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.

მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. დღეს დილიდან პოლიცია ენმ-ის ოფისთან მივიდა, თუმცა აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ შსს-მ გავრცელა განცხადება და პოლიტიკოსებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციას ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.