ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული დეპუტატი, დავით ზილფიმიანი ამბობს, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ დავით ზალკალიანის მინისტრობის პოსტზე დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს. მისივე თქმით, საბოლოო ჯამში მათი მხარდაჭერა არც მთავრობას ექნება.

"ბატონ დავით ზალკალიანს არ დავუჭერ მხარს, სხვა მინისტრებზე გასაუბრების შემდეგ გეტყვით. შეიძლება რომელიღაცა მინისტრი მოგვწონდეს და არ მოგვწონდეს, მაგრამ ჯამში ჩვენი მხარდაჭერა ამ მთავრობას არ ექნება", — განაცხადა ზილფიმიანმა.

დღეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. მინისტრობის კანდიდატების მოსმენა ხვალაც გაგრძელდება. ორშაბათს კი პარლამენტი ახალ პრემირმინისტრსა და მთავრობის კაბინეტს დაამტკიცებს.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისა და მთავრობის მეთაურის დამტკიცება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა.