საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ კვირიდან შეზღუდვები შემსუბუქდება. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ამ კვირაში ვაპირებ და უკვე ვისაუბრეთ გუნდთან, ჩვენ გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს და თქვენს მიერ დაყენებული საკითხებიდან 80% შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გადაწყვეტილი იქნება. ეს შემუსბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება, რა თქმა უნდა, რეკომენდაციების გათვალისწინებით და მჭიდრო კოორდინაციით", — თქვა მან.

დღეს პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად დაამტკიცებს. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს ორი ახალი მინისტრი წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

იმავე დღეს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი მეორედ გახდება.