პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია "ვერ დაემალება მართლმსაჯულებას" და კანონი აღსრულდება.

"კიდევ ვიმეორებ, ბატონი [ნიკა] მელია, გვარს არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, სადაც არ უნდა იმალებოდეს, იგი ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს, კანონი აღსრულდება, ისე, როგორც წესია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ კანონის და კონსტიტუციის ჩარჩოებში", — აცხადებს ღარიბაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის თამჯდომარეს, ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.