პრემიემინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეცდომები ყველას მოსდის. მისი თქმით, მათ შორის, შეცდომები მოუვიდათ მათაც და "ალბათ, კიდევ" მოუვათ. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"ერთი მხრივ, გვესმის, რომ ჩვენ არ ვართ უშეცდომონი, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა არ არის იდეალური. შეცდომები ყველას მოსდის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს მოგვდის, შეცდომები მოგვივიდა, ალბათ, კიდევ მოგვივა, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მინიმუმადე დავიყვანოთ შეცდომები. მაგრამ ეს შეცომები არ უნდა იყოს სერიოზული პრობლემების შემქნელი ჩვენი მოქალაქეებისთვის", — თქვა მან.

დღეს პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად დაამტკიცებს. ღარიბაშვილმა 19 თებერვალს ორი ახალი მინისტრი წარადგინა. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, ხოლო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

იმავე დღეს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი მეორედ გახდება.