ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სამ საათზე მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბებიან.

"ახლა ჩვენ აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც ზის მთავარი როდიონოვი, რომელმაც მოუწყო ეს სასაკლაო ადამიანებს, რომელიც უსპობს ევროატლანტიკურ მომავალს ქვეყანას", — განაცხადა დეკანოიძემ ენმ-ს ოფისთან.

ნიკა მელია სპეცრაზმმა დღეს დილით ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.