რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მესამე ტესტია.

"ნავალნის დაკავება იყო პირველი ტესტი, მიანმარი მეორე. საქართველო მესამეა. ბაიდენმა ფიცი დადო, რომ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბევრ რამეს გააკეთებდა. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმით დამტკიცდეს. ბაიდენი იცნობს საქართველოს, მე მასთან ერთად ვიმოგზაურე აქ 2009 წელს, მას შეუძლია გავლენის მოხდენა", — წერს მაკფოლი.

ნიკა მელია სპეცრაზმმა ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.