ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია. გრეგოროვას თქმით, პოლიტიკური პატიმრების სიის მატება პროგრესული არ არის.

"უკიდურესად გულდასაწყვეტია საქართველოში განვითარებული მოვლენები. ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია. პოლიტიკური პატიმრების სიის მატება ევროპისაკენ პროგრესის გზა არაა", — წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.

ნიკა მელია სპეცრაზმმა დღეს დილით ოფისში დააკავა. სამართალდამცავები პარტიის შენობაში გამთენიისას გამოჩნდნენ. რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

პოლიციამ კარების გაღება მოახერხა და იქ მყოფი პირების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მალევე კი ნიკა მელიაც დააკავეს.

განვითარებული მოვლენების გამო, ოპოზიციამ დღეს სამ საათზე მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავს.