ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ვახო სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებისგან პირდაპირი აგრესია იგრძნობოდა ტელევიზიების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა და თავდასხმის დეტალები გაიხსენა.

იგი იხსენებს, რომ მოყინული გზების გამო მანქანის გადასაადგილებლად სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს, რა დროსაც, სამი ადამიანი მივიდა მათთან. სანაიას განცხადებით, სამი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი მუდმივად "პროვოცირებდა" და მის "გამოწვევას" ცდილობდა.

"როდესაც ჩვენ მანქანას ვაწვებოდით და ვეხმარებოდით მაშველებს, მუდმივად პროვოცირებდა. მე ვუთხარი, დამანებე თავი, ვაკეთებ ჩემს საქმეს. ნასვამი იყო სამივე, ალკოჰოლის სუნი ვიგრძენით ყველამ. შემდეგ ჩამოიხსნა შარფი სახიდან, მითხრა — კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახეო და დაიწყო მუქარა.

ვუთხარი, რომ საერთოდ ვერ ვხედავდი და თავი დაენებებინა. შემდეგ ოდნავ მოშორებით გადაინაცვლა, დაიწყო გინება, მანქანას შემოუარა, მე ზურგით ვიდექი და ვიგრძენი, რომ მიახლოვდებოდა სირბილით. მუშტებმოღერებული უნდა დამსხმოდა თავს, ინსტიქტურად გავიწიე, რა დროსაც ეს ადამიანი წაიქცა. გზა მოყინული იყო და მეც წავიქეცი. როცა წაქცეული ვიყავი, ის დანარჩენი ორი მოვიდა და დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება. თავზე მაქვს დაზიანება, ხელებზეც, ფეხზეც.

ამ დროს ჩემი ცოლი და რძალი გადმოვიდნენ მანქანიდან. ჩემს რძალსაც დაზიანებები აქვს, მასაც დაარტყეს. პირდაპირ აგრესია ჰქონდათ ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება. მე ვფიქრობ, ეს არის ზუსტად ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან ტელევიზიების, კრიტიკული არხების მიმართ. ფიზიკური სახით გადმოვიდა ეს ჩვენზე", — თქვა მან.

ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სამი პირი უკვე დააკავა და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით აღძრა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.