ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, პოლიტიკური დიალოგის დროა და ამიტომ, დღეს საღამოს ის შეხვედრაზე იწვევს ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს.

"აქ და ახლა მე ძალიან მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. საქართველომ წლების განმავლობაში მოიპოვა ეს დემოკრატია, მიღწევები. ეს ყველაფერი თქვენი პრემიერმინისტრობის პერიოდში, თქვენი კოლეგებისა და ოპოზიციის ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები, ასევე, გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესებისთვის იმოქმედოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისთვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს და მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე და ვიმეორებ, რომ პოლიტიკური დიალოგის დროა. ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს", — განაცხადა მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პირველ მარტს სამუშაო შეხვედრები, ასევე, გამართა საქართველოს პრეზიდენ სალომე ზურაბიშვილთან. დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პარტიის წევრებთან. ის დღეს საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩამოვიდა. თითქმის ერთი კვირის წინ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს, რასაც ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა.

24 თებერვალს 6-მა ევროპარლამენტარმა მიშელს წერილით მიმართა და საქართველოში ვიზიტამდე, მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე რეაგირება მოსთხოვა.

როგორც ერთობლივ წერილშია აღნიშნული, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ სახიფათო დონეს მიაღწია. ისინი მოუწოდებდნენ მიშელს, ვიზიტი გამოიყენოს იმისთვის, რომ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდოს.