ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს აქვთ ყველა ფორმალური და არაფორმალური ბერკეტი, რათა 6 მარტს TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიებას ხელი შეუშალონ, ამიტომ მათ უნდა დატოვონ თანამდებობა.

"ეს საუბრები ასახავს შესაძლო უმძიმესი ორგანიზებული მოქმედებების შინაარსს, რაც აუცილებელია, ეს არჩევანი არ არის პროკურატურის, აუცილებელია ჩვენი კანონმდებლობით ამაზე ჩატარდეს გამოძიება. ჩვენ არ ვითხოვთ შოთაძის გამოძიებას იმიტომ, რომ ამ გამოძიებას არანაირი სანდოობა არ ექნება. ჩვენ ვითხოვთ ამ გამოძიებაში საერთაშორისო ავტორიტეტული აქტორების ჩართვას. ვინაიდან პრემიერმინისტრს და ასევე, ჩუბინიძეს თანამდებობრივი პოზიციებიდან გამომდინარე აქვთ ყველა ფორმალური და არაფორმალური ბერკეტი, რომ გამოძიებას შეუშალონ ხელი მოწმეებზე ზემოქმედებით და სხვა მეთოდებით, აუცილებელია, რომ მათ დატოვონ თავიანთი თანამდებობა", — აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

TV პირველმა გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.