ყოფილმა კალათბურთელმა და პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ინსტაგრამის სთორიზე ბერა ივანიშვილთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა. ის ბერა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.

"ჩემი ძმა", — წერს ვიქტორ სანიკიძე სთორიზე.

ფოტო: ვიქტრო სანიკიძე / ინსტაგრამი

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ჩანაწერებს ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტიის აღმასრულებელმა მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერები 2010 წლისაა და "ფაბრიკაციაა". მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "2011 წელს არის გაკეთებული ჩაწერები, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული".

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.

გაიგეთ მეტი: