ვარსკვლავი დაიბადა, ახლა კი მისი გაბრწყინების დროა.

რამდენიმე საათის წინ ლედი გაგამ სოციალური ქსელების პირად ანგარიშებზე ადამ დრაივერთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მათი ახალი საერთო ფილმიდან გავრცელებული პირველი ვიზუალია.

House of Gucci-ს (გუჩის სახლი) საყოველთაოდ აღიარებული ინგლისელი რეჟისორი რიდლი სკოტი იღებს და მისი სიუჟეტი ცნობილი მოდის სახლის მმართველი ოჯახის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული, კრიმინალური და ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ მოგვითხრობს. ლედი გაგა და ადამ დრაივერი ფილმში ცოლ-ქმარის როლს მოირგებენ: "სენიორ და სენიორა გუჩი", როგორი აღწერაც თავად გაუკეთა ამ ფოტოს.

ფილმი, რომლის გადაღებებიც ამჟამად ევროპაში მიმდინარეობს, მოდის სახლ გუჩის დამფუძნებლის, გუჩიო გუჩის შვილიშვილის, მაურიციო გუჩის მკვლელობის ირგვლივ განვითარდება. ამ ფაქტის გამო დამნაშავედ მისი ყოფილი ცოლი, პატრიცია რეჯანი სცნეს და 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში მან შავი ქვრივის ცნობილი წოდება მოიპოვა და 2016 წელს სასჯელი სრულად მოიხადა. სწორედ მის როლს შეასრულებს ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ლედი გაგა.

House of Gucci ლედი გაგას პირველი როლია მას შემდეგ, რაც 2018 წელს გამოსული ბრედლი კუპერის ფილმში ვარსკვლავის დაბადება შესრულებული როლით ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. ადამ დრაივერს აქამდე ამერიკული კინოაკადემიის ნომინაცია მოპოვებული აქვს ფილმებით BlacKkKlansman და Marriage Story.

აღსანიშნავია, რომ ამ ორ ვარსკვლავთან ერთად მომავალ ფილმში კიდევ სხვა ცნობილ სახეებსაც ვიხილავთ: ალ პაჩინოს, ჯარედ ლეტოს და ჯერემი აირონს.

პრემიერა 2021 წლის 24 ნოემბერსაა დაგეგმილი.