პრინცი უილიამი დიდი ბრიტანეთის მონარქიის მიმართ არსებულ კრიტიკას გამოეხმაურა და სამეფო ოჯახი დაიცვა. მისი სიტყვები ჰარისა და მეგანის ოპრასთან ინტერვიუს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც სამეფო ოჯახის წევრები წყვილის მომავალი შვილის კანის ფერზე აკეთებდნენ აქცენტს.

ლონდონის სკოლაში ვიზიტისას, სადაც უილიამი ცოლთან, ქეით მიდლტონთან ერთად იმყოფებოდა, ის ცნობილ ინტერვიუს მოკლედ გამოეხმაურა:

"ჩვენ სულაც არ ვართ რასისტების ოჯახი".

უილიამის სიტყვებამდე, ჰარის და მეგანის ინტერვიუს 61-სიტყვიანი განცხადებით გამოეხმაურა სამეფო ოჯახიც, რომელშიც ეწერა, რომ ჰარის და მეგანის ინტერვიუმ მათზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა:

"მთელი სამეფო ოჯახი შეძრწუნებულია იმის გაგებით, როგორი რთული წლები ჰქონიათ ჰარისა და მეგანს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია რასიზმთან დაკავშირებული საკითხი და მას სერიოზულად აღვიქვამთ. იქამდე, სანამ დამატებით ინფორმაციას შევაგროვებთ, ამ საკითხს ოჯახი დახურული კარების მიღმა განიხილავს. ჰარი და მეგანი მუდამ იქნებიან ჩვენი ოჯახის საყვარელი წევრები".

უილიამი რიგით მეორეა გვირგვინის მიმღებთა რიგში და ის მეფე მამამისის, პრინცი ჩარლზის შემდეგ გახდება. მან ასევე თქვა, რომ ძმასთან, ჰარისთან ინტერვიუს შემდეგ ჯერ არ უსაუბრია, თუმცა "აპირებს".

ინტერვიუში რამდენიმე შემაშფოთებელი დეტალი მოვისმინეთ: მეგანის სიტყვებით, მას პირველი ორსულობისას მარტოობისა და წნეხის გამო სუიციდური აზრები ჰქონდა. მისი თქმით, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალება არ მისცეს და როცა დახმარება ითხოვა, უარი მიიღო, რადგან საკუთარი ხელფასი არ ჰქონდა. მან სამეფო ოჯახის წევრები, დასახელების გარეშე, რასიზმშიც დაადანაშაულა, როდესაც თქვა, რომ პირველი შვილის კანის ფერს მის დაბადებამდე განიხილავდნენ და მისთვის ტიტულისა და დაცვის ჩამორთმევა ამასთან იყო დაკავშირებული.

ფოტო: Joe Pugliese / Associated Press

მეგანი, რომელიც შერეული რასის პირველი წარმომადგენელი იყო სამეფო ოჯახში, რასისტული დამოკიდებულების მსხვერპლი წარსულშიც გამხდარა. მაგალითად 2017 წელს, როდესაც მეგანი დედოფლის წვეულებას ესწრებოდა, ღონისძიებაზე მისული პრინცესა მიშელი რასისტული გულსაბნევით მივიდა. სამკაული Blackamoor-ის გავლენითაა შექმნილი, რომელიც თავდაპირველად ევროპული სტილად აღიქმებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში რასისტულად შეფასდა, რადგან შავკანიან ადამიანებს მონებად და მოსამსახურეებად გამოხატავს. მაშინ მიიჩნიეს, რომ პრინცესამ ამ გზით მეგანის მიმართ უპატივცემულობა დააფიქსირა, რომლის დედაც შავკანიანია. მიშელმა მაშინ ბოდიში მოიხადა, თუმცა მის წინააღმდეგ სხვა ბრალდებებიც გაჟღერდა.

პრინცესა მიშელი 2017 წელს.

ფოტო: Mark Cuthbert / UK Press via Getty Images

არცთუ დიდი ხნის წინ გააკრიტიკეს უილიამი და ქეითი 2012 წლის ფოტოების გამო, რომლებშიც ასახულია ის პერიოდი, როცა ისინი სოლომონის კუნძულებს სამეფო ოჯახის წევრების რანგში სტუმრობენ. სურათებში ისინი ადგილობრივებს ტახტით გადაჰყავთ. ქეითის და უილიამის დასაცავად რამდენიმე მომხმარებელმა მაშინ დაწერა, რომ წყვილი უბრალოდ იმ ადგილის ტრადიციას ასრულებდა, იმის მიუხედავად, რომ ამის ვალდებულება მათ არ ჰქონიათ. სოლომონის კუნძულის კოლონიზაცია ბრიტანეთმა მე-19 საუკუნეში დაიწყო.

ქეით მიდლტონი 2012 წელს სოლომონის კუნძულებზე.

ფოტო: Getty Images | Pool

პრინცი უილიამი 2012 წელს სოლომონის კუნძულებზე.

ფოტო: Getty Images | Samir Hussein