სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი შეეცდება იქამდე იყოს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ შედგება. ამის შესახებ მან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, დღეს "განსაკუთრებული წინ წაწევა" არ ყოფილა, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.

"ჩვენ ოპოზიცია მზად ვართ, რაციონალური კომპრომისებისთვის. დოკუმენტის შინაარსზე სამწუხაროდ ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ მინდა, გულწრფელად ვუთხრა ყველა ჩვენს მხარდამჭერს, რომ მაქსიმალურად ვიცავთ იმ პოზიციას, რაზეც თქვენგან გვაქვს მანდატი", — აღნიშნა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძე ამბობს, არ იცის ქართული ოცნების პოზიცია იმ დოკუმენტის შესახებ, რაზეც მუშაობენ და ვერ მის შინაარსზე ისაუბრებს.

"ეს არ არის არც ოპოზიციის, არც ქართული ოცნების დოკუმენტი. ეს არის მედიატორების, ანუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სახელით შემოთავაზებული დოკუმენტი, რომელსაც ეთანხმება ამერიკული მხარე. შესაბამისად დოკუმენტი რომლითაც გვესაუბრებიან, ბევრი კითხვა გვაქვს და შეიძლება მეორე მხარესაც აქვს", — განმარტა ვაშაძემ.