დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით მაღალი იერარქიის მღვდელმთავრებს ესაუბრა. როგორც მან ფორმულას ეთერში აღნიშნა, ისინი მზად არიან ყველა კითხვას უპასუხონ.

"ნებისმიერ იმ კითხვაზე, რომელიც არის სინოდის განჩინებაში, მზად ვართ, მრგვალი მაგიდის რეჟიმში შევხვდეთ საპატრიარქოს წარმომადგენლებს და ყველა ეს საკითხი განვიხილოთ", — აცხადებს გამყრელიძე.

17 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინა უკვე 2 719-მა ადამიანმა გაიკეთა, ხოლო პორტალზე booking.moh.gov.ge ჯანდაცვის სექტორის 5 350 მუშაკი დარეგისტრირდა.

სასულიერო პირებისა და მათ შორის სინოდის წევრების ნაწილი ვაქცინაციას ეწინააღმდეგება ან დეზინფორმაციას ავრცელებს. სინოდის სხდომის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ისინი მიესალმებიან, რომ ვაქცინის გაკეთება ნებაყოფლობითია. ამასთან, განჩინებაში ნათქვამია, რომ ვაქცინის პროპაგანდაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა პასუხისმგებლობაა.

16 მარტს ონლაინპრესკონფერენციის დროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ეკლესიას სთხოვა, ვაქცინაციის პროცესში გვერდში დაუდგნენ. მისივე შეფასებით, ხშირად მოქალაქეებს ექიმებზე მეტად სასულიერო პირების სჯერათ.