ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ამის ამსახველი ფოტოები 17 მარტს ფორუმზე გავრცელდა.

ფოტო: forum.ge

ამასთან, 17 მარტს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე დამეწყრილი უბნის შესწავლაში მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები არიან ჩართული. კალაძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის გამო, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველ მეწყრულ არეალში მეორადი გენერაციის მეწყერი განვითარდა. მისი განცხადებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდა.

"გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, ბიპის ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. დამეწყრილი უბნის შესწავლასა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში, თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად, ჩართული არიან შესაბამისი უწყებების სპეციალისტები, რათა უმოკლეს ვადებში გატარდეს გადაუდებელი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რის შემდეგაც, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება", — განაცხადა კახა კალაძემ.

On.ge თბილისის მერიას დაუკავშირდა. იქ დაგვიდასტურეს, რომ თბილისის მერი იმ ტერიტორიაზე საუბრობდა, რისი ფოტოებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მათი თქმით, განცხადებებს დამატებით გაავრცელებენ.

On.ge ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს, ლაშა სუხიშვილსაც ესაუბრა. მან გვითხრა, რომ მეწყერი, მინიმუმ, რამდენიმე კვირის ჩამოწოლილი იქნება, რადგან ადგილზე ჯგუფის მუშაობის კვალი იყო.

"რაც ადგილზე ვნახეთ, ეს მეწყერი გუშინ არ ჩამოწოლილა, იმიტომ, რომ ადგილზე ვნახეთ კვალი, ჯგუფებს აქვთ იქ ნამუშევარი, ჩარჭობილია მარკერები, რომ როგორც ჩანს, დაეთვალათ გადაადგილების სიჩქარე. აქ საუბარია, მინიმუმ, რამდენიმე კვირაზე. თითონ, რაც სოციალური ქსელის ფოტოებზე ვნახეთ ეს დაძრული მასა, ასე წინასწარი შეფასებით, დაახლოებით, ნახევარ მილიონ კუბურ მეტრზეა საუბარი. რისი გაჩერებაც წარმოუდგენელია და ან ჩამოვა, ან ჩამოსაყვანია ხელოვნურად. ანუ, რომ ჩამოვა, ეს ცხადია და თუ ვინმე დაასწრებს და ჩამოიყვანს, ეს მეორე საკითხია", — გვითხრა მან.

მისი თქმით, მეწყერის ვიზუალურად გააქტიურებული სეგმენტის ჩამოსვლის შემდეგ, კითხვის ნიშანი ჩნდება მის ზემოთ არსებულ ფერდზე.

ფოტო: forum.ge

ფოტო: forum.ge

"არაა გამორიცხული, ისიც იყოს დღეს აქტიური, უბრალოდ ვიზუალურად არ ეტყობა. ამის გამო, ჩვენ დავიწყეთ და უკვე დაწყებულია სამუშაო, რომ მოხდეს დღეს ვიზუალურად სტაბილურ მდგომარეობაში არსებული ფერდის სიჩქარის დათვლა, იმიტომ, რომ არ გამოვრიცხავთ, ისიც გადაადგილდებოდეს, უბრალოდ ვიზუალურად არ აღიქმებოდეს", — თქვა სუხიშვილმა.

მისივე თქმით, გარდაუვალია უკვე დაძრული მასა, არ ჩამოვიდეს. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მარკერები, რომელიც ადგილზეა განთავსებული, დეფორმირებულია მათი განთავსების შემდეგ.