სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერზე ამბობს, რომ იგივე საფრთხეებია, რაც ვერაზე იყო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტს განუცხადა.

"იგივე საფრთხეებია, რაც ვერაზე იყო. დაახლოებით, იგივე საფრთხეებია და შეიძლება დინამიკაში მოვიდეს. დინამიკაში პროცესი მოსულია, მოწყვეტილია მასა, ის შეიძლება აჩქარებით წამოვიდეს ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში. აუცილებელია საფრთხის შეფასება და საჭირო ზომების მიღება.

[გამაგრებით სამუშაოებს] აზრი არა აქვს. არის ეტაპი გეოლოგიაში, როცა გამაგრებით სამუშაოებს აზრი არა აქვს, ამ შემთხვევაში არის დინამიკაში მოსული პროცესი და ამას აზრი აღარა აქვს. კომუნიკაცია მაქვს სამთავრობო სტრუქტურებთან, ეს იციან.

ახლა უნდა დავჯდეთ და შევაფასოთ, რა მასა წამოვა და საით წავა. ეს არის მოდელირება, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელია. ამ ტერიტორიაზე აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გაჩერდეს, იმიტომ, რომ ბლოკური მეწყერი არის დინამიკაში მოსული, ანუ მოძრაობაშია მოსული და ეს ნათლად დავინახეთ აზომვებით, რომელიც აქ თურმე დიდი ხნის წინ არის დაწყებული", — თქვა მან.

ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ამის ამსახველი ფოტოები 17 მარტს ფორუმზე გავრცელდა. მეწყერზე 17 მარტს ისაუბრა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის გამო, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველ მეწყრულ არეალში მეორადი გენერაციის მეწყერი განვითარდა. კალაძის განცხადებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდა.

გაიგეთ მეტი: