მთავრობა უარს ამბობს, რომ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათი მოხსნას. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. ამისგან განსხვავებით, საკოორდინაციო საბჭომ ღამის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოხსნა 6 იანვრის ღამეს, როცა მართლმადიდებელი ეკლესია შობის ღამეს აღნიშნავს.

ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს აზერბაიჯანული თემი 21 მარტს, ერთი დღით კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით პრემიერმინისტრს მიმართავს.

"კულტურულ რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე და ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ეს შეზღუდვები უკვე მოხსნილია, მსგავს დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არაა", — ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრცაიის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები იყო გატარებული, მთავრობამ 6 იანვრის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა მოხსნა. ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნას ითხოვდნენ სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც, რომლებიც შობას 25 თებერვალს აღნიშნავენ, თუმცა მთავრობამ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა. როგორც მაშინ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განმარტა, საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებლურ შობას აღნიშნავს.